„იანვრიდან საპენსიო დანაზოგები კონსერვატიულ პორტფელში დაბრუნდება, რომლის ზომა დაახლოებით ₾4.2 მლრდ იქნება“ – გოგა მელიქიძე

იანვრიდან, საპენსიო დანაზოგები კონსერვატიულ პორტფელში დაბრუნდება, რომლის ზომა დაახლოებით 4.2 მლრდ ლარი იქნება, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დაბალრისკიან პორტფელში დანაზოგების დაბრუნების შემდეგ, ნებისმიერ მონაწილეს შეეძლება ყოველგვარი ვადის გარეშე მოახდინოს საკუთარი დანაზოგის სასურველ პორტფელში გადატანა.
„საპენსიო ფონდის და ეროვნული ბანკის, ამოცანაა, მეტი ვესაუბროთ საპენსიო სქემის მონაწილეებს. მეტად ავხსნათ თითოეული პორტფელების შემადგენლობა, რისკის პროფილი, განმასხვავებელი მახასიათებლები, რომ მონაწილეებმა ნელ-ნელა დაიწყონ სასურველი პორტფელის არჩევა.
არჩევიდან 1 წელი არის ე.წ. ჩაკეტილი პერიოდი, 1 წლის შემდეგ კი, მონაწილეებს კვლავ შეეძლებათ ცვლილება. ამჟამად, საპენსიო ფონდში 4.211 მლრდ ლარია მობილიზებული. ოქტომბრის მონაცემებით, დანაზოგების უდიდესი წილი – 2.9 მლრდ მაღალრისკიან, ანუ დინამიურ პორტფელში იყო განთავსებული“, – განაცხადა გოგა მელიქიძემ.