იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 17 ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა – ეკონომიკის სამინისტრო

სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის წლის პირველი ნახევარი რეკორდულად მზარდი მაჩვენებლებით დასრულდა – ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„2025 წლის საწყის ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები 3 654 063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 358 937 მგზავრს მოემსახურა. ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 11%-ი შეადგინა. პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. ს საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 450 330 მგზავრი, რაც 35%-ით აღემატება 2024 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 17 ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. ნახევარი წლის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 12 857 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ 3 874-ს მიაღწია. ჯამურად, წლის პირველ ნახევარში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (16 731) 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას.
მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც – 2025 წლის იანვარ-ივნისში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16550.916 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.
გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლები, კერძოდ, 2024 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა 7%-ით. სულ, იანვარ-ივნისში 139 945 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
2025 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 642 956 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
Wizz Air Hungary – 18% (642 956 მგზავრი);
Pegasus – 8% (284 984 მგზავრი);
Georgian Airways – 8% (272 568 მგზავრი);
Turkish Airlines – 7% (268 959 მგზავრი);
Azerbaijan Airlines – 6% (222 237 მგზავრი)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.