„იანვარ-აპრილის პერიოდში GCCA-ს ცხელ ხაზზე 1600-მდე ზარი დაფიქსირდა, რაც 56%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“- ნანა მიქავა

ცხელი ხაზი ნომრით – 1520 / ქალაქის ნომერი 032 2 054422 კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დასაცავად 2024 წლიდან ამოქმედდა.
GCCA -ის წარმომადგენლის, ნანა მიქავას თქმით, მიღებული ზარების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, რაც საზოგადოების მხრიდან მომატებულ ინტერესსა და მომხმარებლის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.
მისივე ინფორმაციით, 2025 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, სააგენტოს ოპერატორებმა დაახლოებით 1600-მდე ზარს უპასუხეს, რაც 56%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელიც მოქალაქეებსა და სააგენტოს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთი აქტიური და ეფექტური შესაძლებლობაა. ცხელი ხაზი სრულად 2024 წლიდან ამოქმედდა, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს – 1520/ ქალაქის ნომერი 032 2 05 44 22 და სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში მიიღოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია.
მომართვიანობის მხრივ, თითქმის ყოველთვიურად მზარდი ტენდენცია გვაქვს, რასაც ცხელ ხაზზე შემოსული ზარების რაოდენობაც მოწმობს: 2025 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, ჩვენმა ოპერატორებმა, დაახლოებით, 1600-მდე ზარს უპასუხეს, რაც თითქმის 56 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
GCCA -ში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით იანვარი-მაისის პერიოდში 504 განაცხადი შემოვიდა, რაც 45%-ით აღემატება წინა საანგარიშო პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს.
,,გაზრდილ მომართვიანობას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზოგადოების ინფორმირებულობის დონეა – რაც უფრო ინფორმირებულია სამოქალაქო სექტორი მომხმარებლის უფლებების მიმართულებით, მით უფრო მაღალია მომართვიანობის დონე”,- აღნიშნა ნანა მიქავამ რადიო “კომერსანტის” ეთერში.
მოქალაქეები აქტიურად ინტერესდებიან როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებლის უფლებებისა და ანტიდემპინგური მიმართულებით არსებული საკითხებით.
GCCA-ის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ცხელ ხაზზე არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ ის მოვაჭრეებიც რეკავენ, რომლებსაც უნდათ, თავიანთი ბიზნესი კონკურენციის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს შეუსაბამონ.
,,სააგენტოს საქმიანობის კომპლექსურობიდან გამომდინარე, შემოსული განცხადებები რამდენიმე სექტორს მოიცავს, როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებლის უფლებების და ანტიდემპინგური მიმართულებით. შემოსულ ზარებში წამყვან პოზიციას იკავებს ონლაინ ვაჭრობის შემთხვევები, კერძოდ, ნივთის უპირობოდ დაბრუნების ვალდებულების დარღვევა. საქართველოში მოქმედი კანონით მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, მომხმარებელს უფლება აქვს, გამონაკლისების გარდა, საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში, თუმცა მიუხედავად არსებული რეგულაციებისა, ისინი წინააღმდეგობას აწყდებიან მოვაჭრეებთან.
ხშირად შემოდის ზარები კანონისმიერ გარანტიასთან დაკავშირებით, ეს ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთებს და ციფრულ ტექნიკას ეხება,. კანონმდებლობის მიხედვით, ნივთის შეძენიდან 2 წლის განმავლობაში, თუ ნივთი ნაკლოვანი იქნება, მომხმარებელს აქვს უფლება ნივთი უკან დააბრუნოს, ფასდაკლებით ისარგებლოს ან მისი შეკეთება მოითხოვოს.
ტენდენციურია მომართვები მომსახურების მიმართულებითაც, ეს ძირითადად შეეხება სერვისის მიწოდებას ან სერვისის ტრანსპორტირების ხარისხს. ძალიან ხშირია გამოწერილი ნივთების დროს მათი დაკარგვა, დაზიანება ან განსაკუთრებით დიდი ხნით დაგვიანებით ჩამოსვლა, ამიტომ ბოლო დროს შემოსული ზარები ამ მიმართულებით გახშირდა – აღნიშნა ნანა მიქავამ.