2025 წლის იანვარში, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, საქართველოში 514 478 700 დოლარის ღირებულების ნახატები, ქანდაკებები და სტატუეტები შემოვიდა. მათი უდიდესი ნაწილი შემოტანილია აშშ-დან საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ვირჯინიის კუნძულებიდან.
წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სურათებისა და ნახატების იმპორტის მაჩვენებელი 2 მილიონჯერ გაიზარდა, ქანდაკებებისა და სტატუეტების კი – 75,4 ათასჯერ. ინფორმაციას აქვეყნებს საქსტატი.
ეკუთნის თუ არა აღნიშნული ძვირადღირებული ქონება ბიძინა ივანიშვილს – ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურს მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
მხოლოდ იანვარში საქართველოში ძვირადღირებული ნივთები შემოვიდა:
· აშშ-დან – 258,6 მილიონი დოლარის ღირებულების;
· გაერთიანებული სამეფოდან – 254,8 მილიონი დოლარის ღირებულების;;
· ვირჯინიის კუნძულებიდან – 580,5 ათასი დოლარის;
· გერმანიიდან – 417,5 ათასი დოლარის;
· საფრანგეთიდან – 102,7 ათასი დოლარის;
· სხვა ქვეყნებიდან – 0,3 ათასი დოლარის.
საქართველოში შემოტანილი 33,4 მილიონი დოლარის ქანდაკებები და სტატუტები (სასაქონლო კოდი 9703) ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
· აშშ – 30,7 მილიონი დოლარი;
· გაერთიანებული სამეფო – 2 მილიონი დოლარი;
· ვირჯინიის კუნძულები – 580,5 ათასი დოლარი;
· საფრანგეთი – 102,5 ათასი დოლარი;
· ნიდერლანდი – 10 დოლარი.
საქართველოში შემოტანილი 481 მილიონი დოლარის სურათები და ნახატები (სასაქონლო კოდი 9701) ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
· აშშ – 228 მილიონი დოლარი;
· გაერთიანებული სამეფო – 253 მილიონი დოლარი;
· გერმანია – 418 ათასი დოლარი;
· სხვა ქვეყნები – 440 დოლარი.
2025 წლის იანვარში იმპორტის მაჩვენებელი 1,6 მილიარდი დოლარი იყო, რომლის დაახლოებით 32 პროცენტი ნახატებზე, ქანდაკებებსა და სტატუეტებზე მოდის. იმპორტის მაჩვენებელი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 45%-ით არის გაზრდილი, მეტწილად სწორედ იმ ქვეყნების ხარჯზე, საიდანაც საქართველოში ნახატები, ქანდაკებები და სტატუეტები შემოვიდა.
იანვარში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, იმპორტი გაიზარდა:
· აშშ-დან 196,4%-ით;
· გაერთიანებული სამეფოდან – 2365,8%-ით;
· ჩინეთიდან – 50,7%-ით;
· ბულგარეთიდან – 52,9%-ით.
ივანიშვილს აშშ-მა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა, მისმა ოჯახმა კი ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გადმოტანისთვის საჭირო პროცედურები ამის შემდეგ რამდენიმე დღეში, 31 დეკემბერს, დაიწყო.
ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა უკვე დაწყებულია. ივანიშვილის ოჯახმა წილები ოთხი ოფშორული კომპანიიდან (Visalia Enterprises Limited (ბელიზი) 2) Gilmar Holding Limited (ბელიზი) 3) Fresno Management Limited (ბელიზი) 4) Limestone Finance International SA (პანამა)) გადმოიტანა საქართველოში.
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქცია დაუწესა დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ხელშეშლისთვის.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილია წინადადება, რომლითაც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მიიღო „ოფშორების კანონი“, რომელიც 2024 წლის 4 ივნისიდან ამოქმედა. კანონმა უცხოური საწარმოს ყველა აქტივის (მათ შორის, წილის/აქციის) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად გაათავისუფლა.
ხელისუფლების ოპონენტები მაშინ ამბობდნენ, რომ კანონი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგებოდა. საკანონმდებლო ცვლილებებს ისინი სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირებდნენ.
გიორგი ბაჩიაშვილი, წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი ამბობდა, რომ „ივანიშვილმა ოფშორების კანონით სახელმწიფოს 400 მლნ მოჰპარა“.
