იანვარში მაღალი ეკონომიკური აქტივობაა – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, იანვარში საქართველოში უკვე ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, ხოლო სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც რესტორნების დახურვასა და სასტუმროებში ჯავშნების მასობრივ გაუქმებაზე საუბრობენ, პოლიტიკური მიკერძოება აქვთ. ამის შესახებ მან მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“[ეკონომიკურ რყევებზე საუბრობს ბიზნესმენთა] ნაწილი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოება. ვინ ეკითხება ბიზნესმენს რიგგარეშე ს მოთხოვნას?! რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები, ვისაც აქვს პოლიტიკური მიკერძოება, მუდმივად საუბრობენ კრიზისზე, რომელიც არასდროს არ დადგა, მადლობა ღმერთს.
რაც შეეხება ტურიზმს, რა თქმა უნდა, არსებობს კონკრეტული მიმართულებები, სადაც არის გარკვეული სირთულეები, თუმცა მაგალითად რომ ავიღოთ სამთო კურორტები, იგივე ბაკურიანში, იმდენი დამსვენებელია, რეკორდული მაჩვენებელია, რომ ინფრასტრუქტურული კუთხით შეიქმნა გამოწვევები… აჭარაში ტურიზმის კუთხით არის უპრეცედენტო მაჩვენებლები იანვრის თვეში, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ იანვარში არის კარგი, მაღალი [ეკონომიკური] აქტივობა, მათ შორის ტურიზმის სფეროში, შესაბამისად, ესეც გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას”, – განაცხადა ირაკლი მ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა, შესაძლოა, 9%-ზე მეტად გაიზარდოს, ნაცვლად საბაზისო 6%-იანი პროგნოზისა. რამდენიმე დღის წინ ეკონომიკურ ზრდაზე “ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც საუბრობდა, რომლის თქმითაც, ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში ეკონომიკის ზრდა 3%-იც შეიძლება იყოს.
BMG-ის კითხვაზე, რატომ საუბრობს “ოცნების” მთავრობა ორ სხვადასხვა მაჩვენებლებზე და რატომ ვერ ხედავს იმ გამოწვევებს, რომლებზეც კერძო სექტორის, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილი საუბრობს, კობახიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ყოველთვის ახერხებდა საბაზისო პროგნოზზე მაღალი შედეგის დადებას.
“ჩვენ სხვადასხვა ვერსია არ გვაქვს, ბატონი ლევან დავითაშვილი საუბრობდა პესიმისტურ სცენარზე და პესიმისტური სცენარის ფარგლებში 3%-იან მაჩვენებელზე. საბაზისო მაჩვენებელი ბიუჯეტის დოკუმენტში 6%-ია ასახული და გვაქვს რეალური სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც ვფიქრობთ, რომ არის 9% და შეიძლება, უფრო მაღალიც იყოს ჩვენი ეკონომიკური ზრდა.
ამიტომ ჩვენ ერთსა და იმავე მაჩვენებელზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა უნდა საუბრობდეს, მსჯელობდეს, ითვალისწინებდეს როგორც პესიმისტურ სცენას, ასევე საბაზისო და ოპტიმისტურ სცენარს. ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით საბაზისოზე უფრო მაღალი სცენარის ჩვენებას, აქედან გამომდინარე აქ არის სრული თანხვედრა გუნდში”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.