ევროპულ ბაზარზე ახალი მანქანების რეგისტრაცია მიმდინარე წლის იანვარში წლიურად 12,1%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით აღდგენაა. ამის შესახებ ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციამ განაცხადა.
ამავე ცნობით, გასულ თვეში 27-წევრიან გაერთიანებაში 851 690 ერთეული ავტომობილი დარეგისტრირდა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითად ევროპულ ბაზარზე, მათ შორის არის გერმანია (19.1%), იტალია (10.6%), საფრანგეთი (9.2%) და ესპანეთი (7.3%).
გასულ თვეში, ახალი მანქანების გაყიდვებს შორის, ელექტროძრავიანი მანქანების ბაზრის წილმა 10,9%-ს მიაღწია. 2023 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 9,5% იყო.
ელექტრომობილების რეგისტრაცია იანვარში 28,9%-ით გაიზარდა და 92 741 ერთეული შეადგინა. ამავე პერიოდში ჰიბრიდული მანქანების გაყიდვები გაიზარდა 23,5%-ით და 245 068 ერთეული შეადგინა.