ლა ლიგის 21-ე ტურში „ჟირონამ“ საკუთარ მოედანზე „სევილია“ 5:1 დაამარცხა.
სტუმრები რომერომ დააწინაურა, რის შემდეგაც უკრაინელმა დოვბიკმა ექვსწუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიკი შეასრულა. 30-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ცენტრალურმა მცველმა ხუანპემ ტრავმა მიიღო და 19 წლის ანტალ იაკობიშვილმა (სიმაღლე 193 სმ) შეცვალა, რომელიც უნგრეთის მოქალაქეა და პრიმერაზე მისი დებიუტი შედგა. ის „ბარსელონას“ 17 წლის მეკარის არონ იაკობიშვილის ძმაა.
შესვენების შემდეგ ანდალუსიელთა კარი მეორე უკრაინელმა ლეგიონერმა ციგანკოვმა დალაშქრა, ბოლოს შეცვლაზე შესულმა ვეტერანმა სტუანიმაც და კატალონიურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„ჟირონა“ 52 ქულით ლიდერია, უახლოეს
მდევარ „რეალს“ 1 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 24 იანვარს გასვლაზე თასზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება.
ჟირონა – სევილია 5:1
გოლები: 0:1 რომერო (10), 1:1 დოვბიკი (13), 2:1 დოვბიკი (15), 3:1 დოვბიკი (19), 4:1 ციგანკოვი (57), 5:1 სტუანი (89)