„ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის ეს იწილო-ბიწილო ცოტათი მოსაბეზრებელია – საქმით სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ძალიან ერთგული მეგობარია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მიესალმა საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა ამავდროულად მწუხარება გამოთქვა, რომ „შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“.
ხვიჩიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილია.
„არ მესმის, როგორ შეიძლება პრეზიდენტს ვინმემ დაუმალოს ვიზიტის შესახებ? ვიღაც თუ მალავს, როგორ შეიძლება პრეზიდენტს არ ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ თვითონ გაარკვიოს ეს. ზოგადად, მგონია, რომ „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის ეს იწილო-ბიწილო ცოტათი მოსაბეზრებელია. სალომე ზურაბიშვილს თუ მართლა აწუხებს, რომ მის უფლებამოსილებებს ზღუდავენ, არაერთხელ მივეცით რჩევა, როგორ უნდა მოიქცეს მართლა ოპოზიციონერი პრეზიდენტი, მაგრამ გვაქვს რწმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილია. შესაბამისად მთელი ეს კონცერტი – მისი ვერ გადაყენებიდან დაწყებული და ყოველდღიური განცხადებები ამ თამაშის ნაწილი გვგონია, ამიტომ მაინცდამაინც სერიოზულად ვერ ვიღებთ“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, აუხსნელია ის ისტერიკა, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები პრეზიდენტის მიმართ ხელოვნურად თესავენ.
„საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო, ხომ გაგიგიათ – მე ვუყურებ არა პრეზიდენტის სიტყვებს, არამედ საქმეებს და ბერკეტებს, რომელიც მას აქვს და როგორც მათ იყენებს. ვფიქრობ, ისინი იდეალურად არიან შეხმატკბილებული „ქართულ ოცნებასთან“. ზოგჯერ, იმისთვის, რომ საზოგადოებას გონება აურიონ, გამოვარდება ხან „ქართული ოცნება“, ხან პრეზიდენტი, რაღაცას იტყვიან. საქმეს რაც შეეხება, საქმით სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ძალიან ერთგული მეგობარია. ჩემთვის ძალიან დაუსაბუთებელი და აუხსნელია ის ისტერიკა, რომელსაც ხანდახან, ხელოვნურად თესავენ „ქართული ოცნების“ წევრები პრეზიდენტის მიმართ. მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვარ, ქვედა ეშელონებშიც ესმით, რომ ეს ქიშპი პრეზიდენტთან ნამდვილი არაა და ყველა, ალბათ სიტყვების მოზომვასაც დაიწყებს ნელ-ნელა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება 6 თებერვალს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას, ხვიჩია ამბობს რომ „ისტერიკას ელოდება“.
„არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის მისამართით ველოდები ისტერიკას, არამედ ისტერიკას ველოდები ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მისამართით. ზოგადად, ისტერიკას ველოდები იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის სამოქმედო ტაქტიკად, როდესაც ხალხთან სალაპარაკო არაფერი აქვთ, ისტერიკა ჩამოყალიბდა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
გარდა ამისა, იაგო ხვიჩიამ ისაუბრა 29 იანვარს პარლამენტში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ შეხვედრა მოთელვითი იქნება.
„არ ვიცით, რამდენად სერიოზულია ეს შეხვედრა და რამდენად სერიოზულად შეიძლება რაიმე წინადადების დაყენება. მივალთ დასაკვირვებლად, რათა ამბავი გავიგოთ და შევძლოთ ამ ამბის მოყოლა ჩვენი მხარდამჭერებისა და თქვენთვის [ჟურნალისტებისთვის]. გაცნობითი და მოთელვითი შეხვედრა გვგონია. სადამდე მიგვიყვანს ის და რამეს სერიოზულს თუ იტყვიან, გეტყვით არ დაგიმალავთ“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.