მელიას წასვლა არ იყო ყველაზე წარმატებული წასვლა ერთი გუნდიდან სადმე სხვაგან საასპარეზოდ – იდეალური წასვლა ვერ არის ბოლოს შენს ამომრჩევლებს იმის გარკვევაც რომ უჭირთ, შენით წახვედი თუ გაგაგდეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ნიკა მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლამ ჯერ კიდე ბევრი კითხვა დატოვა. ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ეს პროცესი არ უნდა გახდეს ოპოზიციური ხმების დაკარგვის საფუძველი.
„ჩემი აზრით, ნიკა მელიას ჰქონდა შანსი, „ნაცმოძრაობაში“ ყოფილიყო წარმატებული თავმჯდომარე, მაგრამ ეს შანსი არ იქნა გამოყენებული. წასვლა, როდესაც 9 თვის განმავლობაში მიდიხარ და თან ვერ მიდიხარ, იდეალური წასვლაც ვერ არის თავისი შინაარსით და ბოლოს შენს ამომრჩევლებს იმის გარკვევაც რომ უჭირთ, შენით წახვედი თუ გაგაგდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიამ თქვა წამოვედიო, არ თქმულა, რატომ, საით, მიზანი რა იქნება მომავალში, ამიტომ, მე მგონი, ბევრი რამე არ არის ჯერჯერობით ცხადი. თუმცა ერთი რამეა ცხადი, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ახლა „ნაცმოძრაობიდან“ წამოვიდა, არის ნამდვილად გულწრფელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ოპოზიციონერი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა „ქართულ ოცნებას“ და ახლა ძალიან უცნაური არგუმენტით წამოვიდა „ნაცმოძრაობიდან“, რომ პარტიის ე.წ. “ვერხუშკა” ვერ უზრუნველყოფს გამარჯვებას და ზოგიერთი ადამიანის ბრალდებებს რომ ვუსმენდი, მათ აქვთ ეჭვი, რომ საერთოდ „ქოცები“ არიან „ნაცების“ “ვერხუშკაში” და ამიტომ მოდიან. მე მგონია, ეს პოლიტიკოსები, რომლებიც ამ არგუმენტით მოდიან, ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, სხვა პოლიტიკური ძალებისთვის. მე მგონია, რომ ამ ხალხმა უნდა სცადოს ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება. ზოგადად, მგონია, რომ ნიკა მელიას გასვლა არ უნდა იყოს იმისთვის გამოყენებული, რომ ოპოზიციამ დაკარგოს ხმები, საბოლოო ჯამში“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან, არჩევნებისთვის პოლიტიკური პოზიციების გადანაწილებაზე საუბრისას, ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვების პირობებში „გირჩი“ ერთადერთი დამაბალანსებელი პარტიაა.
„ქართულ ოცნებას“ უნდა ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ არ იცის, რისთვის, გარდა იმისა, რომ საკუთარი ძალაუფლება ჰქონდეს და ფული იშოვოს. მეორეა, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ პოლიტიკურად არ იცის რისთვის და მესამე პარტია, რომელიც არის ამათი დამაბალანსებელი. თუ ამათ, ვერც ერთმა ვერ აიღო 50 %-ზე მეტი, მესამე პარტია არის ის, რომელთანაც ორივეს უადვილდება მუშაობა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ვიყოთ. ჩვენ მესამე ადგილისთვის არ ვიბრძვით, ვიბრძვით პირველობისთვის, მაგრამ ასეთ კონფიგურაციაში – პირველი ხდება ის, ვინც მესამეა, შინაარსობრივად. ეს შეიძლება მისაღები არც „ნაცებისთვის“ და არც „ქოცებისთვის“ არ არის, მაგრამ იციან, რომ ჩვენ ორივეს ვაძლევთ გარანტიას, რომ არავის არ დავიჭერთ. არც „ქართლი ოცნების“ ლიდერებს არ დავიჭერთ, ქონების წართმევას და თავიდან გადანაწილებას არ დავიწყებთ, არც „ნაცებისთვის“ გავაგრძელებთ რეპრესიებს. „გირჩი“ არის ყველაზე შემრიგებელი პარტია ქართულ პოლიტიკურ ცენტრში. ყველამ იცის, რომ მათ არ ემუქრებათ სისტემის მათ წინააღმდეგ გამოყენება. ასეთი პოლიტიკური პარტია როცა არსებობს, ეს საშუალებაა როგორც ქვეყნისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვისაც, რომ შიში დაძლიონ, რათა პოლიტიკური პროცესები გაიხსნას“, – განაცხადა ხვიჩიამ.