„სულ იყო პრეტენზიები, რომ Glovo-ს ინდოელ კურიერებს [ენა] არ ესმით, [მისამართს] ვერ აგნებენ… პრობლემა რომ გქონდა – მოგიტანდა თუ არა შეკვეთას, სახლის ასაშენებლად როგორ შეიძლება გაუშვა?!“ – ამ კითხვით მიმართა “იმედის” ეთერში პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პრემიერ ირაკლი კობახიძეს და მასთან ერთად მყოფ ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს.
იაგო ხვიჩია მიგრაციის თემაზე დებატებისას აკრიტიკებს ახალ შეზღუდვებს, რომლის თანახმად, საქართველოში უცხოელების დასაქმება მკვეთრად შეიზღუდა და რიგ სფეროებში კი, საერთოდ აიკრძალა.
კერძოდ, პოლიტიკოსისთვის გაუგებარია, რატომ აეკრძალათ უცხოელებს საქართველოში კურიერად მუშაობა, როცა მშენებლობის სფეროში დაშვებულია.
„სულ იყო პრეტენზიები, რომ Glovo-ს ინდოელ კურიერებს [ენა] არ ესმით, [მისამართს] ვერ აგნებენ… მოკლედ, არაკვალიფიციური მუშახელია და ასეთი არაკვალიფიციური მუშახელი როგორ შეიძლება მშენებლობაზე წაიყვანო?! პრობლემა რომ გქონდა – მოგიტანდა თუ არა შეკვეთას, სახლის ასაშენებლად როგორ შეიძლება გაუშვა?!“, – ჰკითხა იაგო ხვიჩიამ დებატების მონაწილე „ოცნების“ მთავრობის წევრებს.
მისივე შეფასებით, მთლიანობაში, პროტექციონიზმი დამაზიანებელია.
„ილია ჭავჭავაძეს აქვს თავის დროზე ნათქვამი – პროტექციონიზმით სარგებლობს ერთი მუჭა მწარმოებელი მთელი მოსახლეობის ნაცვლად. როცა „ვიცავთ“ 200-300 კაცს, რომლებიც სადღაც მუშაობენ, რათა კონკურენციის შედეგად არ დაკარგონ სამსახური, ამით ვაზარალებთ მთელი საქართველოს მოსახლეობას… მთელი საქართველოს მოსახლეობას რომ გაუფუჭდება მომსახურების ხარისხი ან გაუძვირდება პროდუქტი იმიტომ, რომ ვიღაც ქვეყნიდან გააგდე და ეს ითვლება პატრიოტიზმად, ეს ჩემთვის გაუგებარია“, – თქვა იაგო ხვიჩიამ.
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობამ პრიორიტეტები განსაზღვრა და მიიჩნია, რომ „მშენებლობის სექტორში უფრო არის მიზანშეწონილი უცხოელების დასაქმება, ვიდრე Glovo-ში და Wolt-ში“.




