ახლა რომ შეამოწმონ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მე მგონი, ძალიან ჩამოქვეითებული ექნებათ IQ, რადგან ვისაც ჭკუა ჰქონდა, „ქართულ ოცნებას“ ნელ-ნელა ეცლება. ახალი კვლევა რომ ჩაატარონ, მონაცემები, მგონი, პირიქით იქნება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პრემიერის, ირაკლი კობახიძის წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, აქცია იმისთვის არსებობს, რომ პარტაქტივიც იყოს, მაგრამ ამ აქციაზე რომ ვინმე იტყვის, პარტაქტივი დგასო, “ის ძალიან შორსაა ადეკვატურობისგან, რაც თავისთავად “ქართული ოცნებისგან” გასაკვირი არ არის”.
“ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” ეს პოლიტიკა არის იმისთვის, რომ რამენაირად სისუსტე არ გვაჩვენონ. “ნაცებმა” თავის დროზე სისუსტე აჩვენეს, ჩვენ რომ გადმოგვაბარეს ხელისუფლება. ჩვენ ახლა უფრო ძლიერად და კუნთებით უნდა დავდგეთ და არ შევშინდეთ – აი, ეს არის ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” პრიმიტიული ტაქტიკა და ცოტა ხანში ის ახალგაზრდები, რომლებიც იქ დგანან, მგონი დაანახებენ, რას ნიშნავს გულწრფელი პროტესტი.
რაც შეეხება მეორე საკითხს IQ-ს ზომასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, ეს ერთი თვისწინანდელი კვლევა იყო, მაგრამ ახლა რომ შეამოწმონ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, მე მგონი, ძალიან ჩამოქვეითებული ექნება IQ, რადგან ვისაც ჭკუა ჰქონდა, “ქართულ ოცნებას” ნელ-ნელა ეცლება, ახალი კვლევა რომ ჩაატარონ, მონაცემები, მგონი, პირიქით იქნება.
აქცია იმისთვის არსებობს, რომ პარტაქტივიც იყოს, მაგრამ ამ აქციაზე რომ ვინმე იტყვის, რომ პარტაქტივი დგასო, ის ძალიან შორსაა ადეკვატურობისგან, რაც თავისთავად “ქართული ოცნებისგან” გასაკვირი არ არის”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აქციებში მონაწილე „გულწრფელი ახალგაზრდებისადმი“ გაგზავნილ ღია წერილში ისაუბრა ერთი თვის წინ ჩატარებულ კვლევაზე, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით.
მისი თქმით, შეამოწმეს რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დაყვეს. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში – მხოლოდ 45,6 პროცენტი.
„ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია. გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.