იაგო კაჭკაჭიშვილი – ხელისუფლებას უნივერსიტეტების მოთვინიერება, თავისუფლების ერთადერთი კუნძულის მოგუდვა უნდა, რათა სრული სვლით განახორციელოს ავტორიტარული პოლიტიკა, რაც მიქანაძესაც ვუხარი და მითხრა, რომ ეს გაზვიადებაა – გადაწყვეტილება არ შეიცვლება

ხელისუფლებას უნივერსიტეტების მოთვინიერება, ამ სივრცის მოგუდვა უნდა იმისთვის, რომ სრული სვლით განახორციელოს თავისი ავტორიტარული პოლიტიკა, – ასე შეაფასა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა ამავე უნივერსიტეტის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხი.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ ქალაქი“ განაცხადა, გაერთიანების „მიზანი არის საუნივერსიტეტო სივრცის მონოპოლიზაცია მთავრობის მიერ“.
„თავისუფლების, ავტონომიურობის კრიტიკული აზროვნების ერთადერთი კუნძული იყო აკადემიური სივრცე და უნივერსიტეტი. რასაკვირველია, ხელისუფლებას უნივერსიტეტების მოთვინიერება, უნდა ამ სივრცის მოგუდვაც უნდა იმისთვის, რომ სრული სვლით განახორციელოს თავისი ავტორიტარული პოლიტიკა. სხვათა შორის, მე ეს ბატონ გივი მიქანაძესაც ვუხარი. მან მითხრა, რომ ეს არის გაზვიადება“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მისი განცხადებით, ხელისუფლება ასეთი ნაბიჯით საკუთარ მხარდამჭერთა რიცხვს ამცირებს.
„ისინი რეგულარულად, თანმიმდევრულად დგამენ ნაბიჯს ავტორიტარიზმის მიმართულებით, მაგრამ ამას არ მოჰყოლია ის, რომ მათ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა გაეზარდა. შესაძლოა, შიში გაზარდეს, მაგრამ შიში მხარდაჭერაში არ გადაზრდილა. ამას ბოლო გამოკითხვებიც აჩვენებს, პირიქით, მათ მხარდაჭერა შეუმცირდათ და ასევე, მათ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ გარე ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე გარეთ, თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვერ გრძნობს“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მისი შეფასებით, „ხელისუფლებას არ ეყოფა ძალისხმევა, რომ დიქტატურის პროცესი ბოლომდე მიიყვანოს“.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ამ ძალაუფლების გზით შეძლებენ ხელისუფლების შენარჩუნებას და მართვას“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მან თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების საკითხზე განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, მან განათლების მინისტრს ჰკითხა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება იყო თუ შეიძლება გადახედილიყო,რაზეც მიქანაძემ უპასუხა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
„თავიდან მინისტრმა ამ პასუხს თავი აარიდა, მაგრამ მან მკაფიოდ თქვა ბოლოს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიღო. ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ის, რაზეც დიალოგი შეიძლება გაიმართოს და შეხვედრები შედგეს, შეეხება მხოლოდ იმას, თუ როგორ აღსრულდეს ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს. შეხვედრა 5 საათ-ნახევარი გაგრძელდა და ემოციურად ძალიან დამუხტული იყო, განსაკუთრებით სტუ-ს წარმომადგენლების მხრიდან. იქ ლამის ასეთი გამოსვლები იყო: „გთხოვთ, გემუდარებით, გევედრებით გაგვიწიეთ ანგარიში, ჩვენ ამ ხელისუფლების მხარდამჭერები ვართ, ზოგადად, უმაღლესი განათლების სფეროს რეფორმას ვეთანხმებით“. მოკლედ, ლაიტმოტივი იყო დაახლოებით ასეთი- ჩვენ მოგვწონს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ოღონდ დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებაში ის სასტიკად ცდება“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მას არ აქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება.
„არ ველოდები, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. შეიძლება თავიდან ახლებურად შეფუთოს ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც საგანმანათლებლო პოლიტიკის და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკის ჭრილში უნდა განვიხილოთ. ღრმად მრწამს და დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკა არის ავტორიტარული“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მისი განმარტებით, შეხვედრაზე ხელისუფლების პოზიცია იყო, რომ მათ აქვთ კანონმდებლობით მინიჭებული რეორგანიზაციის უფლება და უკანონოდ არაფერს აკეთებენ.
„როდესაც დარბაზში მსხდომები ეკითხებოდნენ, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილებაო, მინისტრის პასუხი იყო მხოლოდ ერთი – „ამ გადაწყვეტილებით ჩვენ გვინდა ავამაღლოთ სწავლების ხარისხი“. განათლების ხარისხის ამაღლებაზე აპელირებდა ძირითადად მინისტრი, თუმცა როდესაც ეკითხებოდნენ, რაში გამოიხატებოდა, როგორ ამაღლდება ხარისხი, ამაზე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პასუხი არ იყო. ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები. სრულიად ცხადია, რომ მინისტრი ახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არც კი ვიცი მიღებულია თუ არა მხოლოდ კობახიძის მიერ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ყველა გზა ბიძინა ივანიშვილამდე მიდის. პარადოქსი ნამდვილად იქმნება. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით იმრავლებს საკუთარი კრიტიკოსების წრეს“,-განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
როგორც მან განმარტა, შეხვედრაზე განათლების მინისტრმა თქვა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არც შეეხებოდა არცერთ პროფესორს და ადმინისტრაციის არცერთ თანამშრომელს.
„მაშინ სრულიად ლოგიკურად ჩნდება კითხვა- თუ ყველაფერი ისევ ძველებურად რჩება, რატომ აერთებ ამ ორ უნივერსიტეტს? ამ დაპირებას იქ არავინ დაუჯერა. ყველა ხვდება, რომ ეს არის მხოლოდ დროის მოგება, ამ მწვავე პროტესტის განეიტრალების მცდელობა. შეუძლებელია პროგრამების შერწყმა მოხდეს ისე, რომ აკადემიური პერსონალი, სტუდენტების რაოდენობა იგივე დარჩეს, ეს ამბავი აბსოლუტურად გამორიცხულია“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
ის ვარაუდობს, რომ აკადემიურ პერსონალს შეამცირებენ, მაგრამ ამ პროცესს დროში გაწელავენ.
„ავტონომიურობაზე ასეთი შეტევა და საუნივერსიტეტო სივრცის დაქვემდებარება სამთავრობო ვერტიკალზე-ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ეგ კი არა, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებშიც კი არ ყოფილა ასეთი ხისტი ხელისუფლება უნივერსიტეტების მიმართ“,-განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.