სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ხელისუფლების რეიტინგი რამდენიმე პროცენტით გაუარესდა, შესაბამისად, გაიზარდა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ხელისუფლების რეიტინგის კლება უკავშირდება პროდასავლური ორიენტაციის მქონე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების გადაწყვეტილების ცვლილებას.
„კანონის [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი] მიღების შემდეგ საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ ჩატარებულა. მე ვიცნობ რამდენიმე კვლევის შედეგებს, მათ შორის, ჩვენი ორგანიზაციის კვლევის შედეგებს და მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე პროცენტით გაუარესდა ხელისუფლების რეიტინგი, შესაბამისად, გაიზარდა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი, ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ 2-3 პროცენტიან ცვლილებაზე.
დასავლეთთან დაახლოების მოსურნე ამომრჩევლები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც არიან, დაახლოებით, მესამედი და თუ ეს მხარდამჭერები დარწმუნდნენ, რომ საბოლოდ ჩაიკეტა გზა დასავლეთისკენ, მათ შეიძლება გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას. ხელისუფლების რეიტინგის კლებას მივაწერ პროდასავლური ორიენტაციის მქონე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მისივე თქმით, აქამდე ბიძინა ივანიშვილი ორმაგ თამაშს თამაშობდა – „ერთი ხელით დასავლეთს აქებდა და მეორე ხელით აგინებდა“.
„ივანიშვილის და ხელისუფლების პირველი გარდამტეხი ლუსტრაცია მოხდა 29 აპრილის გამოსვლაში, სადაც მან მკაფიოდ თქვა, რომ ევროკავშირი და ამერიკა არიანო ფანტომური გლობალური ომის პარტიის მძევალი, თუმცა მან დატოვა უკან დასახევი გზა ევროპისკენ და თქვა რომ 2030 წელს გავხდებითო ევროკავშირის წევრი. მაგრამ ეს თანდათან ემსგავსება „მამალ ტყუილს“, – აღნიშნა მან.
ამასთან, სოციოლოგმა საარჩევნოდ ოპოზიციის კონფიგურაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე ყველაზე დიდი უსამართლობა იქნება ოპოზიციური ხმების დაკარგვა, მით უფრო თუკი ეს ხმები ხელისუფლების სასარგებლოდ გადანაწილდება.
„ამომრჩეველი ოპოზიციის სხვადასხვა კონფიგურაციას უჭერს მხარს, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი. განიხილება, როგორც ერთიანი სია, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური ცენტრი, ასევე ყველა პოლიტიკური პარტია ცალ-ცალკე. ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც ამ არჩევნებზე შეიძლება მოხდეს არის ის, რომ ოპოზიციური ხმების დაკარგვა, მით უფრო ისეთი ვითარების შექმნა, თუკი ეს ხმები ხელისუფლების ყულაბაში ჩავარდება.
მთავარი მიზანი, რაც უნდა იყოს მიღწეული არის ის, რომ არ უნდა დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
ამასთან, მან სანქციების როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, სანქციებით ხელისუფლება „დაჩაგრულის“ იმიჯს ვერ მოირგებს, რადგან მისი თქმით, მთავრობამ ეს დაიმსახურა.
„სანქციების ფონზე „ქართული ოცნება“ დაჩაგრული არ გამოჩნდება. ხელისგულზე ჩანს ის, რომ მან ეს დაიმსახურა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გათამამდნენ, იფიქრეს, რომ ამდენი რამ არ შევასრულეთ და მაინც, მივიღეთ, ახლაც როგორც ჩანს ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ელოდა, მაინც „ცივი შხაპი“ აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის. ხალხში გამყარდება განწყობა იმისა, რომ სანქციები ხელისუფლებამ დაიმსახურა. რაც მთავარია, ხელისუფლება ვერ მოახერხებს ეკონომიკისა და უსაფრთხოების გარანტად ამერიკის ჩინეთით ან ირანით ჩანაცვლებას“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.