იაგო კაჭკაჭიშვილი: წულუკიანის ლოგიკით, 9 აპრილს დაღუპული ადამიანებიც „უაზროდ შეწირულები“ არიან, რადგან …

“რასაც ახლა ვიტყვი, პატრიოტიზმის კონტექსტს ეხება, თუმცა შეიძლება განზოგადდეს კიდეც.
ადამიანი თავს წირავს მაშინ, როდესაც სხვა გზები უძლურია მიზნის მისაღწევად. კი, თავგანწირვა უღონობის კომპენსაციაა, ოღონდ – ღირსეული კომპენსაცია, რომელსაც იმხელა სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომ მომავალი გამარჯვების საწინდარად შეიძლება გადაიქცეს. სწორედ ამიტომაა თავგანწირვა გმირობის ტოლფასი.
თუმცა, უძლურებას სხვა კომპენსაციაც შეიძლება ჰქონდეს – მოძალადის მიმართ მორჩილება, დაქვემდებარება ან, კიდევ უფრო უარესი, მტრის სამსახურში ჩადგომა, მისთვის სიამოვნების მინიჭება.
რამდენი გმირი ახსოვს საქართველოს ისტორიას, თუმცა, სამწუხაროდ, მტრის სამსახურში ჩამდგარი რამდენი შეშინებული ქართველიც!
წულუკიანის ლოგიკით, 9 აპრილს დაღუპული ადამიანებიც „უაზროდ შეწირულები“ არიან, რადგან სრულიად წარმოუდგენელი იყო, ისინი შეიარაღებულ და დაგეშილ რუს ზომბებს გამკლავებოდნენ. ამ მრუდე ლოგიკას თუ გავაგრძელებთ, უკეთესი იქნებოდა 9 აპრილის მონაწილეებიც სახლში დარჩენილიყვნენ და აერიდებინათ საშინელი სიკვდილი.
როდესაც სამშობლოს ინტერესებს ეხება საქმე, „უაზრო მსხვერპლის“ ცნება ოქსიმორონია (უაზრობაა) პატრიოტიზმის ღირებულების გადმოსახედიდან, თუმცა, ადეკვატური – მონობისა და მორჩილების პერსპექტივის გათვალისწინებით.
ქ/ოცნება დღეს არ ირჩევს გმირებს, ის ირჩევს მორჩილებს, რომლებსაც, მტრისთვის ქართულ სუფრაზე ელარჯის გაწელვით მომსახურება მოეთხოვებათ,” – წერს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…