იაგო კაჭკაჭიშვილი – ოპოზიციური პატარა პარტიები, რომლებსაც აქვთ არაადეკვატური თვითშეფასება, ვერ აცნობიერებენ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობით ხელს შეუწყობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას

არჩევნებამდე 8 თვით ადრე ქართულ საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ განწყობებსა და თავისებურებებზე, „ქართული ოცნების“ რეიტინგსა და ქცევაზე, ასევე ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებასა და იმაზე, რა კორექტივები შეიტანა ოპოზიციურ ფლანგზე გვარამია-მელიას პარტია „ახალმა“ „ინტერპრესნიუსი“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.
– ბატონო იაგო, არჩევნებამდე 8 თვეა დარჩენილი. ამიტომ, კითხვას ასე დავსვამ – არჩევნებამდე 8 თვით ადრე ქართულ საზოგადოებაში არსებულ ვითარებაზე რა პოლიტიკურ თავისებურებებზე შეიძლება საუბარი?
– არჩევნებამდე 8 თვით ადრე ვითარება გვაქვს ასეთი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაბეჯითებით აცხადებს, რომ ის ხელისუფლებაში მოვა კონსტიტუციური უმრავლესობით. იგი ამაში დარწმუნებულია. ხელისუფლების რეპრეზენტაციის ლამის მეინსტრიმულ სლოგანად იქცა ხელისუფლებაში დარჩენა საკონსტიტუციო უმრავლესობით.
როგორც ჩანს, ამ სლოგანის წინ წამოწევა და საზოგადოებასთან მუდმივად ამ სლოგანით აპელირება არის ხელისუფლების საზოგადოებასთან კომუნიკაციის სრულიად გააზრებული სტრატეგიული ნაბიჯი. ხელისუფლების მხრიდან ამგვარი კომუნიკაციის მიზანია, ერთი მხრივ, საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაცია, მათში მოტივაციის ამაღლება, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ რჩება ხელისუფლებაში, არამედ არჩევნებში მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.
საინტერესოა, რომ ბოლო დღეებში თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი სვამს აქცენტს და სწორადაც, იმაზე, რომ პატარა პარტიები „ქართულ ოცნებას“ ეხმარებიან უმრავლესობის მოპოვებაში, რადგან ისინი 5 %-იან ბარიერს ვერ გადალახავენ და მათი ხმები „ქართული ოცნების“ ყულაბაში წავა. ეს სრულიად გულწრფელი და სინამდვილესთან ახლოს მდგომი განცხადებაა.
დღევანდელი პოლიტიკური ვითარების თავისებურება გახლავთ ის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც აქვთ სერიოზული გამოწვევა რომ გადალახონ 5%-იანი ბარიერი და მოხვდნენ პარლამენტში, შეიძლება შეასრულონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის მექანიზმის ფუნქცია.
დღევანდელი პოლიტიკური ვითარების თავისებურება გახლავთ ის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც აქვთ სერიოზული გამოწვევა რომ გადალახონ 5%-იანი ბარიერი და მოხვდნენ პარლამენტში, შეიძლება შეასრულონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის ფუნქცია
საქმე ისაა, რომ წინა არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა მაჟორიტარების წყალობით. მაჟორიტარების პრაქტიკულად ყველა ხმა „ქართული ოცნების“ იყო. ეს იყო ის „ნამატი“ იმ პროპორციულად მიღებულ ხმებზე, რამაც „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობა მისცა.
მაშველი რგოლი, მაჟორიტარების სახით, ხელისუფლებას დღეს არ აქვს, მაგრამ, ამ მაშველი რგოლის ფუნქცია შეეძლება შეასრულონ პატარა-პარტიებმა, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, მაგრამ არჩევნებში მაინც მიიღებენ მონაწილეობას და მათი ხმების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ყულაბაში წავა.
ეს ჰიპოთეზა კი არაა, არამედ გაზომვადი პროგნოზია. იმ პარტიების ხვედრითი წილი, ვისაც ემუქრება საფრთხე, რომ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, დაახლოებით 10%-ია. ეს 10% პროპორციულად, მაგრამ არსებითად წავა „ქართული ოცნებისკენ“, რაც მათთვის შესაძლოა აღმოჩნდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხელისუფლებაში დასარჩენად.
მაქვს განცდა, რომ ოპოზიციური პატარა პარტიები, რომლებსაც აქვთ არაადეკვატური თვითშეფასება, ვერ აცნობიერებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობით ხელი შეუწყობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას.
– საარჩევნო წელია და სულაც არაა გასაკვირი, რომ ხელისუფლება აცხადებს – არჩევნებს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიგებო. გასაკვირი ის იქნებოდა, ის ამას რომ არ ამბობდეს.
რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების ამგვარი მტკიცება?
– რასაკვირველია, საფუძვლიანი არაა. როგორც ვთქვი, ეს არის ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროპაგანდისტული კომუნიკაციის გამიზნული ნაწილი. არც ერთი, მათ შორის ავტორიტეტული ორგანიზაციების, გამოკითხვა არ ადასტურებს „ქართული ოცნების“ ისეთ რეიტინგს, რაც მას კონსტიტუციურ უმრავლესობას მოუპოვებს. საკონსტიტუციო უმრავლესობით არჩევნებში გამარჯვებას საარჩევნო პროპორციული ხმების მინიმუმ 60% მაინც სჭირდება. მაქსიმუმი, რაზეც დღეის მდგომარეობით „ქართული ოცნება“ გადის, 40 %-ია.
არც ერთი, მათ შორის ავტორიტეტული ორგანიზაციების, გამოკითხვა არ ადასტურებს „ქართული ოცნების“ ისეთ რეიტინგს, რაც მას კონსტიტუციურ უმრავლესობას მოუპოვებს. საკონსტიტუციო უმრავლესობით არჩევნებში გამარჯვებას საარჩევნო პროპორციული ხმების მინიმუმ 60% მაინც სჭირდება. მაქსიმუმი, რაზეც დღეის მდგომარეობით „ქართული ოცნება“ გადის, 40 %-ია
ვიმეორებ, კონსტიტუციური უმრავლესობით მოსვლა არის ხელისუფლების პროპაგანდისტული მესიჯი, რითაც ხელისუფლება მოტივაციას უძლიერებს თავის ამომრჩეველს რომ ისინი მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“.
ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით: უნდა მოითხოვო მეტი, რათა მიიღო ის, რაც საჭიროა ხელისუფლებაში ერთპიროვნულად დასარჩენად.
– ოპოზიციურ ფლანგზე 11 მარტამდე, ანუ, გვარამია-მელიას პარტიის გამოჩენამდე რამდენიმე ფავორიტი იყო. 1. სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“, 2. ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელო“, 3. გახარიას „საქართველოსთვის.“
ფაქტია, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის ყველაზე მეტი შანსი აქვს სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“. ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გახარიას გუნდებს თითქმის თანაბარი შესაძლებლობა აქვთ გადალახონ 5% -იანი ბარიერი, ისიც ეს ბევრ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.
გვარამია-მელიას პარტიის პოლიტიკურ ველზე გამოჩენამდე რა ვითარება იყო ოპოზიციურ ფლანგზე?
– ის პარტიები, რომლებიც ჩამოთვალეთ, ნამდვილად არიან იმ პოტენციალის მატარებლები, რომ გადალახონ 5 % -იანი ბარიერი. ეს, პრაქტიკულად, ყველა კვლევით დასტურდება.
ორ მახასიათებელზე მინდა ვისაუბრო ამომრჩევლებთან მიმართებით: ჯერ ერთი, კვლავ მაღალია იმ ამომრჩეველთა წილი, ვინც ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს არჩევნებზე მხარს. სხვადასხვა მონაცემებით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა დაახლოებით 30%-ის ფარგლებშია, რაც ცხადია, ცოტა არ არის.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა დაახლოებით 30%-ია, და იმას რომ მათ შორის ყველაზე მეტი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია, ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ გვარამია-მელიას შანსები და პოლიტიკურ ველზე გააქტიურება და ახალი პარტიის დაფუძნება
და მეორეც, სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლები პირველ რიგში არიან ახალგაზრდები 18-დან 30 წლამდე. ამასაც არ გეუბნებით ჰიპოთეზურად, ამასაც სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა დაახლოებით 30%-ია, და იმას რომ მათ შორის ყველაზე მეტი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია, ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ გვარამია-მელიას შანსები და პოლიტიკურ ველზე გააქტიურება და ახალი პარტიის დაფუძნება.
– დიახ, 11 მარტს დაფუძნდა გვარამია-მელიას პარტია „ახალი“. დაფუძნებისას ითქვა, რომ ამ პარტიაში გაერთიანებული არიან ოპოზიციურად განწყობილი წარმატებული ადამიანები, რომ მათ უნდა შეცვალონ „მოძველებული პოლიტიკური ელიტა“, გვარამია-მელია იქნებიან თანათავმჯდომარეები, გადაწყვეტილებებს მიიღებს პოლიტიკური საბჭო.
მათ დაფინანსების წყაროებზე განაცხადეს – „დამფინანსებლებს მოვძებნით, დახმარება იქნება მხოლოდ მხარდაჭერისთვის“.
თქვენ როგორ შეაფასებდით გვარამია-მელიას პარტია „ახლის“ დაფუძნებას და სავარაუდოდ, რა კორექტივებს შეიტანს მათი გამოჩენა ოპოზიციურ ფლანგზე?
– როგორც ვნახეთ, მ, სავარაუდოდ, სთან შეთანხმებით, ახალი პარტიის განაცხადი გააკეთა, პირველ რიგში, წინა პლანზე ახალგაზრდების წამოწევით.
პირველი, რაც საზოგადოებას აჩვენეს, ახალგაზრდების გუნდი იყო. საუბარია ახალგაზრდებზე, რომლებიც არიან აქტიურები, წარმატებულები, თანაც არ არიან დამძიმებული პოლიტიკური წარსულით. ვგულისხმობ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ წარსულს.
როდესაც ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ იყო, ეს ახალგაზრდები თინეიჯერები იყვნენ. გვარამიას განზრახვა იყო, რომ გამოეჩინა ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ ბიოგრაფიას „სუფთა ფურცლიდან“ იწყებენ და მათი აქტივიზმი დემოკრატიის და ქვეყნის განვითარების სამსახურში იდგა.
პარტია „ახალი“ „ნაციონალების“ ყოფილ მხარდაჭერებსაც უმიზნებს. მე არ ვიცი, ზუსტად რა ნაწილზეა საუბარი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ის აქტივი, რომელსაც ახალი პარტია თავის სასარგებლოდ ჩაიწერს
ასეთი ახალგაზრდების წინ წამოწევით, გვარამია-მელიას სურთ, რომ სხვა ახალგაზრდებს გაუღვიძონ მოტივაცია, სულ მცირე, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ცვლილებას.
მეორე მხრივ, გვერდს ვერ აუვლით იმას, რომ პარტია „ახალი“ ორიენტირებულია „ნაცმოძრაობის“ ყოფილ ამომრჩევლებზეც. ამ პარტიაში მელიას ყოფნა ამის საწინდარია. თუ გავიხსენებთ იმ მრავალთვიან პერიოდს, როდესაც მელიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის განხეთქილება დაიწყო და უკიდურესად გამწვავდა, რასაც მელიას არათუ თავმჯდომარეობიდან, არამედ პარტიიდან წასვლა მოჰყვა, „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა შეექმნა განცდა, რომ ეს დაპირისპირება პოლიტიკური ლიდერების წრეს არ გასცილებია, ანუ, ლიდერშიფის პრობლემაა.
თუმცა, ცხადია, ეს ეს ასე არ არის. „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შორის განხეთქილება აისახა „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლებშიც – „ნაცმოძრაობიდან“წამოსვლით მელიამ „ნაცმოძრაობიდან“, ამომრჩეველთა გარკვეული რაოდენობა გაიყოლია. სხვათა შორის, ეს დაეტყო გამოკითხვებსაც. მართალია, გამოკითხვებში „ნაცმოძრაობა“ კვლავ ყველაზე მხარდაჭერილი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ, მისი მხარდაჭერა შესუსტებულია. ამით სწორედ იმის თქმა მინდა, რომ პარტია „ახალი“ „ნაციონალების“ ყოფილ მხარდაჭერებსაც უმიზნებს. მე არ ვიცი, ზუსტად რა ნაწილზეა საუბარი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ის აქტივი, რომელსაც ახალი პარტია თავის სასარგებლოდ ჩაიწერს.
ანუ, პარტია „ახალი“ შეეცდება სულ მცირე ახალგაზრდებისა და „ნაციონალების“ ყოფილი მხარდამჭერების სთვის რეკრუტირებას. რა თქმა უნდა, იგი შეეცდება სხვა ამომრჩეველიც მიიზიდოს, მაგრამ, მისი სასტარტო ამომრჩეველი ძირითადად ეს ორი ჯგუფია – ახალგაზრდები და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ამომრჩევლები.
პარტია „ახალი“ შეეცდება სულ მცირე ახალგაზრდებისა და „ნაციონალების“ ყოფილი მხარდამჭერების არჩევნებისთვის რეკრუტირებას. რა თქმა უნდა, იგი შეეცდება სხვა ამომრჩეველიც მიიზიდოს, მაგრამ, მისი სასტარტო ამომრჩეველი ძირითადად ეს ორი ჯგუფია – ახალგაზრდები და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ამომრჩევლები
– ახლა ყველაზე აქტუალური თემაა, შეძლებენ თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე არსებული პარტიები 5%-იანი ბარიერის გადალახვას.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქვს გვარამია-მელიას პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა?
– თუ „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ამომრჩევლების და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზება შეძლეს, შეიძლება ითქვას, რომ გვარამია-მელიას პარტიას აქვს რეალური შანსი, გადალახონ 5%-იანი ბარიერი.
ისეთი წინაპირობებით შემოვიდა ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე გვარამია-მელიას პარტია, რომ ასეთი ამბიცია მას შეიძლება ჰქონდეს. ამას მალე გვაჩვენებს ის სოციოლოგიური გამოკითხვები, რომელიც ჩატარდება.
თუ „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ამომრჩევლების და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზება შეძლეს, შეიძლება ითქვას, რომ გვარამია-მელიას პარტიას აქვს რეალური შანსი, გადალახონ 5%-იანი ბარიერი თუ ოპოზიციური პარტიები ისე ვერ გადალაგებიდან, რომ ხმების დაკარგვის შესაძლებლობა არ დაუშვან, მაშინ ოპოზიციის მიერ არჩევნების მოგების შანსი ძალიან შემცირდება
– ბევრი ფიქრობს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე საბოლოო სურათი არაა ჩამოყალიბებული. ანუ, არჩევნებამდე შესაძლებელია ბევრი რამ გადალაგდეს.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ისე გადალაგდეს სურათი, რომ ოპოზიციამ შეძლოს 1 მილიონი ამომრჩევლის ხმების მიღება, რაც „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში დამარცხებისთვისაა საჭირო?
– მთავარი გამოწვევა, რაც ახლა აქვს ოპოზიციურ ფლანგს არის ის, რომ ოპოზიციურად განწყობილო ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს. ეს არის ძირითადი საფრთხე, რაც აბსოლუტურად რეალურია. საუბარია დაახლოებით 10% ოპოზიციური ხმების დაკარგვის ალბათობაზე. ეს ცოტა არაა.
თუ ოპოზიციური პარტიები ისე ვერ გადალაგებიდან, რომ ხმების დაკარგვის შესაძლებლობა არ დაუშვან, მაშინ ოპოზიციის მიერ არჩევნების მოგების შანსი ძალიან შემცირდება.
პრაქტიკულად გამოვრიცხავ რომ პატარა პარტიებმა, ვისაც აქვს რეალური საფრთხე, რომ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, მონაწილეობა არ მიიღონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში
ჩვენ შეიძლება ჩამოვთვალოთ მინიმუმ 5 პროდასავლური ოპოზიციური პარტია, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის თვალსაზრისით სერიოზული სირთულეები აქვთ. და თუ მათ 1-2 -3%-აიღეს, მაშინ ეს პროცენტები ხელისუფლების ყულაბაში აღმოჩნდება. საბოლოო ჯამში, შეიძლება ეს ხმების რაოდენობა აღმოჩნდეს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დასჭირდება ხელისუფლებაში დასარჩენად.
– ძველი თაობის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებისგან ხშირად ისმის მოწოდება – ვისაც არ აქვს 5 % -იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა, ჯობია არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
გაქვთ იმის განცდა, რომ ჩვენი ამბიციური პოლიტიკოსები თავს შეიკავებენ მონაწილეობა მიიღონ 2024 წლის არჩევნებში, რითაც ხელს შეუწყობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას?
– პრაქტიკულად გამოვრიცხავ რომ პატარა პარტიებმა, ვისაც აქვს რეალური საფრთხე, რომ 5 %-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, მონაწილეობა არ მიიღონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
თვითკრიტიკულობის ასეთ დონეს პატარა ოპოზიციურ პარტიებში, დღესდღეობით, ვერ ვხედავ.
უფრო მეტად მოსალოდნელი ისაა, რომ პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა გამსხვილებაზე იფიქრებენ. ამის დრო ჯერ კიდევ არის. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არც ამის მაქვს, მაგრამ, უფრო მეტად მოსალოდნელია, ასე მოხდეს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ