თხილში აფლატოქსინის შემცველობის შესამცირებლად მწარმოებლებისთვის ახალ მოთხოვნები წესდება

“თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებია, რომლის მიზანი აფლატოქსინის პრევენცია და შემცირებაა.
ცვლილებები თხილის მწარმოებლებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ავალდებულებს:
· ცენარეების რიგებს შორის უნდა არსებობდეს ისეთი სივრცე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბაღში სოკოვანი დაავადებების გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი ვენტილაცია, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს შესაწამლი სამუშაოებისას სპეციალური ტექნიკის შეყვანა ან/და შესაწამლი აპარატების გამოყენება;
· ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ადამიანისა და ცხოველების ექსკრემენტები გაანადგუროს ისეთი მეთოდით, რომ რისკი არ შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, უნდა მიიღოს სათანადო ზომები, რომლებიც აუცილებელია წარმოებული პროდუქტის აღნიშნული ნარჩენებით შესაძლო დაბინძურების გამოსარიცხად;
· ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს ჩანაწერები ბაღში ვეგეტაციის პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შესახებ (აგროტექნიკური ღონისძიებების, გამოყენებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, ასევე ჩატარებული მონიტორინგის – პერიოდულად ბაღის ვიზუალური დათვალიერების, შედეგები მავნე ორგანიზმების არსებობის გამოვლენის მიზნით);
· ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს თხილის ფენოლოგიური ფაზების მიხედვით აგროტექნიკური სამუშაოების ჩამონათვალისა და თხილის ძირითადი მავნებელ-დაავადებების საწინააღმდეგო წამლობათა სქემები;
· აუცილებელია ყოველი წლის მოსავლის აღებისა და შენახვის პროცედურების დოკუმენტირება, რათა დაფიქსირდეს, როგორც შესაბამისი მაჩვენებლები (ტემპერატურა, კაკლოვანი პროდუქტის ტენიანობა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობა), ასევე ტრადიციულად პროცედურებიდან გადახრა ან მათი ცვლილებები. ამ ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებელია, დადგინდეს, თუ რა მიზეზებით მოხდა კონკრეტულ წელს სოკოს განვითარება და მიკოტოქსინების წარმოქმნა, შესაბამისად, მომავალში დაიგეგმოს მსგავსი შეცდომების პრევენციული ღონისძიებები.
ცვლილებები ასევე ადგენს მოთხოვნებს საწარმოში თხილის გადამუშავების პროცესების, სატრანსპორტო კონტეინერების მიმართ და გადამუშავებული პროდუქტის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირების, პროდუქციის დასაწყობების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ