„თხილის შეწამვლის გარეშე, ხარისხიან მოსავალს ბუნებრივად ვერ მივიღებთ“- თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.1 მლნ დოლარით (11%-ით) გაიზარდა და 53.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წელს ექსპორტირებული თხილის 89%-ს გარჩეული თხილი (თხილის გული) შეადგენს და მისი საექსპორტო ფასი დაახლოებით 130%-ით მეტია გაურჩეველი თხილის საექსპორტო ფასზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფერმერების ნაწილი თხილის მოსავლით უკმაყოფილოა.
ყველაზე დიდ პრობლემას მცირე საოჯახო და საშუალო ბიზნესისთვის სწორედ თხილის გულის ვარგისიანობა წარმოადგენს. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში გვეუბნებიან, რომ ბაზარზე შეუწამლავი თხილის რეალიზაცია ნამდვილად ჭირს, არა მხოლოდ დაბალი ფასის, არამედ ზოგადად, მიღების კუთხითაც.
„რეალიზაციის თვალსაზრისით საქართველოდან ექსპორტი ნორმალურად მიმდინარეობს. რაოდენობრივად პროდუქცია უფრო მეტია, ვიდრე შარშან იყო და ხარისხიც შედარებით უკეთესია, თუმცა საუკეთესო ნამდვილად არ არის, ამ კუთხით საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი.
მაღალი ხარისხის თხილს აქვს სხვა ფასი, შეუწამლავ და მოუვლელ თხილს- სხვა.
ბევრ ფერმერს ძალიან მოუვლელი თხილი აქვს, რომელიც ფაქტობრივად, დამპალთანაა გაიგივებული, შესაბამისად უჭირთ მისი ჩაბარება.
ფერმერებს უნდა ესმოდეთ, რომ თხილს თუ არ მოუვლიან, ხარისხიან მოსავალს ბუნებრივად ვერ მიიღებენ.
ასევე, უხარისხო თხილის ჩაბარების ფასიც ვერ იქნება სასურველი. მაგალითად, ჩვენმა ფერმერებმა თხილი 7 ლარში და 7.30 ლარში ჩააბარეს, მაგრამ არის თხილი, რომელსაც 3 ლარად და 3.50 ლარად იბარებენ. ეს სულ ასე იქნება, ვიდრე ფერმერი ბაღის მოვლას არ დაიწყებს.
ბევრი კომპანია უხარისხო თხილს ვერ ჩაიბარებს, იმიტომ რომ მისი რეალიზაცია არის ძალიან დიდი პრობლემა. რამდენიმე წლის წინ ფერმერების აქტიურობა წამლობებთან დაკავშირებით, ძალიან მაღალი იყო, რამაც 2018 და 2019 წლებში მაღალი ხარისხის მოსავალი მოიტანა. როგორ კი ფერმერები კომფორტის ზონაში შევიდნენ და ისევ აუცრუვდათ გული და მიატოვეს შრომა, მიიღეს დაბალი ხარისხი“,- ამბობს „კომერსანტთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ფაროსანას, სიდამპლისა თუ ნაცარის საწინააღმდეგოდ აუცილებელია წამლობის ჩატარება.
„ფაროსანა წელს ბევრად უფრო ნაკლები იყო ვიდრე შარშან, გამოზამთრების რეჟიმიდან უფრო გვიან გამოვიდა, ალბათ, ამინდის გამო. ფაროსანასთან ბრძოლის მექანიზმი არის უცვლელი, ის ფერმერი, რომელიც მიჰყვება რეკომენდაციას, სწორად და დროულად ჩაატარებს რეკომენდაციებს, მიიღებს მაღალი ხარისხის მოსავალს. ზოგადად, ფაროსანას პრობლემა რეალურია და ამას ჩვენ ასე სწრაფად ვერ გადავწყვეტთ.
ბაღის მოვლაა გამოსავალი, მით უმეტეს როცა ფერმერს თხილის ბაღის მოსავლელად საჭირო პრეპარატები უფასოდ ეძლევა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა არის სამეგრელოსა და გურიაში, სადაც ფერმერები მაინც ეწინააღმდეგებიან ბაღების შეწამვლას. კახეთში, მაგალითად ეს საკითხი აღარ არის ასახსნელი, ამიტომაც თხილიც უკეთესი ხარისხით მოვიდა“,- აღნიშნა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ.
ქრისტინა კვაჭანტირაძე

ასევე დაგაინტერესებთ