თხილის ხმობით გამოწვეული პრობლემის პარალელურად, თხილის სექტორში წელს როგორც მოსავლიანობის, ისე სარეალიზაციო ბაზრებზე არსებული ფასის კუთხით დადებითი დინამიკაა.
იქიდან გამომდინარე, რომ ბაქტერიული დაავადების გამო თხილის ბაღების 40% განადგურდა თურქეთში და ასევე იმავე მიზეზით მოსავლიანობა შემცირებულია იტალიაშიც, რომელიც მსოფლიო ბაზრის მთავარი მოთამაშეები არიან, თხილზე წარმოქმნილმა დეფიციტმა საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტზე ფასის ზრდა გამოიწვია.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, თუ ევროპაში გასულ წელს თხილის სარეალიზაციო ფასი 7 ევროს ფარგლებში იყო, წელს თხილის ღირებულება 10-10,5 ევროა. ადგილობრივ ბაზარზე კი თხილი 2 ლარით უფრო ძვირი ღირს წელს, ვიდრე შარშან.
აღსანიშნავია, რომ თხილის ხმობის პროცესი დასავლეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია შეიმჩნევა, თუმცა წელს გაცილებით დიდი მასშტაბი შეიძინა. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, დაზიანებულია 7 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი და ხმება განსაკუთრებით ევროპული ჯიშის თხილის ბაღები, რისი მიზეზიც ბაქტერიული დაავადებაა.
“უარეს შემთხვევაში 5%-ით მეტია წელს თხილის რაოდენობა, ვიდრე შარშან. წელს მსოფლიო ბაზარზე არის ძალიან მაღალი ფასი თხილზე. თურქეთის ბაზარზე არის დაბალი მოსავალი, შესაბამისად ფასიც გაიზარდა და დღეის მდგომარეობით საქართველოდან თხილის საექსპორტო ფასი ხარისხიდან გამომდინარე დაახლოებით 10-10,5 ევროს შორის მერყეობს, რაც შარშან იყო 7 ევრო.
ადგილობრივ ბაზარზეც დღეის მდგომარეობით ხარისხიანი გაუტეხავი თხილი 7-8 ლარი ღირს, შარშან 1,5-2 ლარით ნაკლები ღირდა. მოსავლის რაოდენობაც და ფასიც ძალიან წარმატებულ სეზონს გვაძლევს ჯამში, შესაბამისად მოთხოვნაც დიდია მსოფლიო ბაზრიდან”,- აცხადებს მერაბ ჭითანავა.
ქართული თხილის ექსპორტი უფრო აქტიურად სავარაუდოდ მომდევნო თვეებში განხორციელდება, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში თხილის მოსავლის აღება დასრულდება, თუმცა მიმდინარე წლის 7 თვის სტატისტიკის მიხედვით, ზრდა ექსპორტში უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა.
წელს იანვარ-ივლისში საექსპორტო ბაზრებზე უკვე გაიყიდა 56 მილიონ დოლარამდე პროდუქცია, 20 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე შარშან. საანგარიშო პერიოდში ქართული თხილისთვის მთავარი გასაღების ბაზრები ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და ისრაელი არიან.
