„თქვე 1500-ლარიანებო“ – გამთენიისას პარლამენტთან ორი დემონსტრანტი დააკავეს

გამთენიისას, 5:10 საათისთვის პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს.
რამდენიმე წამით ადრე ისინი პოლიციელებს ესაუბრებოდნენ.
დაკავებამდე სულ ცოტა ხნით ადრე საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ პოლიციელებს მოუწოდა, უბრალოდ გაერიდებინათ ადგილიდან და არ დაეკავებინათ.
„გოგა, არ დააკავო, გაიყვანე“, – მიმართა სირაძემ გოგა მემანიშვილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს.
ამის შემდეგ პოლიციელები დემონსტრანტებისკენ ზურგი შებრუნდნენ. დემონსტრანტებმა შეძახილები დაიწყოს: „ჩემი ძმები ხართ“. „თქვენ შემოგევლეთ“. „სპარსებო“. „ჩემი ძმები ხართ სუ ყველა“.
აქციის მონაწილეების დაკავება მოჰყვა დემონსტანტის შეძახილს პოლიციელების მიმართ: „თქვე 1500-ლარიანებო“.
როგორც კი ეს ფრაზა თქვა, დემონსტრანტისკენ სწრაფად დაიძრა გოგა მემანიშვილი, რომელსაც სხვა პოლიციელების მიჰყვნენ, ორივე დემონსტრანტი წააქციეს, ძალის გამოყენებით წაიყვანეს და პოლიციის ავტომობილებში ჩასვეს.
უცნობია, რომელ განყოფილებაში გადაიყვანეს ისინი.
კითხვაზე, რა გახდა დაკავების მიზეზი, ერთ-ერთმა პოლიციელმა ჟურნალისტებს უპასუხა: „ვერ მოისმინეთ?! შეურაცხყოფის მიყენება. პოლიციას მიაყენა შეურაცხყოფა… დიახ, სიტყვიერი“.
მოგვიანებით ვაჟა სირაძემ, საპატრულო პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა კაცი „მოსული იყო პოლიციელებთან, არაერთხელ მოვუწოდეთ გაწეულიყო და გაეგრეძელებინა პროტესტი. ძალიან ნასვამ მდგომარეობაში იყო… მოითხოვა წყალი. მივაწოდეთ“…
„წყლის მიწოდების შემდეგ გახდა აგრესიული რატომღაც“, – უთხრა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
პარლამენტის შენობასთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია, ფაქტობრივად, დასრულებულია. ადგილზე რამდენიმე ათეული მოქალაქე რჩება. ადგილზე არიან პოლიციელებიც.
ფორუმი