თქვენ ოჯახს კი არა, ორგანიზაციას უერთდებით, რომელსაც თავის წესები აქვს – გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაშინ მისი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.
ელჩის თქმით, რუსული კანონით საქართველო ევროკავშირს ვერ შეუერთდება და, შესაბამისად, ვერც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნება.
ამის შესახებ გემრანიის ელჩმა „ბიემჯისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ევროკავშირის დროშებს დაატარებენ და ამბობენ, რომ ეს არის კარგი პროექტი და სურთ მისი ნაწილი იყვნენ. მე ვარ ოპტიმისტურად იმ კუთხით, რომ შეგვიძლია განვაგრძოთ ურთიერთობა, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს არც ოჯახთან და არც იმასთან, თუ რა გრძნობები და შინაგანი სენტიმენტები გვაქვს. ეს არის სამართლებრივი პროცესი. თქვენ კი არ უერთდებით ოჯახს, თქვენ უერთდებით ორგანიზაციას, რომელსაც თავის კონტრაქტი და წესები აქვს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მთავარი წესი არის ის, რომ თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ ჩვენი სტანდარტი“, — განაცხადა პიტერ ფიშერმა.
როგორც გერმანიის ელჩმა განაცხადა, ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ 10 ქვეყანას შორის, ფაქტობრივად, ბოლო ადგილზე გადავიდა მოწინავე რიგებიდან.
ამასთან, ელჩმა ისაუბრა მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეთქმულების თეორიაზე, რომლის მიხედვითაც გლობალური ომის პარტია არსებობს.
გერმანიის ელჩის თქმით, მთავრობა ცდილობს ევროკავშირის მიმართ შიში დათესოს, მაშინ როცა ევროკავშირის იდეა მშვიდობას ეფუძნება.
ელჩის თქმით, მაშინ, როცა აცხადებ, რომ ევროკავშირის წევრობა გსურს და თან მას სახიფათოდ და გლობალურ ომის პარტიად წარმოაჩენ, უნდა დაისვას კითხვა, შესაძლებელია თუ არა ურთიერთობების ძველებურად გაგრძელება.
„საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, რამაც გამოიწვია ევროკავშირისა და -ის მძაფრი კრიტიკა. შესაბამისად, თუ გსურთ კავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად აკრიტიკებთ მას როგორც სახიფათოს და უწოდებთ გლობალური ომის პარტიას (ეს ჩემი ტერმინი არ არის და ჩემი აზრით, ასეთი რამ არც არსებობს), მაშინ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვა – შეგვიძლია თუ არა ჩვეულებრივად ვიურთიერთოთ? ვართ თუ არა ახლა პარტნიორები თუ უკვე აღარ ვართ პარტნიორები. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ[…]
გარკვეული მიზეზის გამო, რომელსაც ბოლომდე ვერ ვხსნი, მთავრობის მიერ არჩეული იქნა რიტორიკა, რომელიც არის ანტიევროპული, თესავს შიშს. ევროკავშირის ქვეყნები, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი… მიჩნეულია ერთგვარ სახიფათო ქვეყნებად. ჩვენ არ ვართ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, ევროკავშირი არის პროექტი, რომელიც უკავშირდება მშვიდობას. შესაბამისად, ჩვენ გლობალური მშვიდობის პარტია უფრო ვართ. ახლა ითესება ეს რაღაც უცნაური შიში და ვრცელდება დეზინფორმაცია“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა.
საქართველოს პარლამენტის 84-მა წევრმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და საბოლოოდ მიიღო რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას.

ასევე დაგაინტერესებთ