თქვენ ეს შეგიძლიათ? ხვიჩას კი შეუძლია…

ბევრ ვარსკვლავს შეუძლია, მოწინააღმდეგისთვის სახიფათო მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში იყოს? – კვარაცხელიას კი შეუძლია;
თანამედროვეობის რამდენი დიდი ფეხბურთელი იქნება თანახმა, თამაშის წარმართვა მოედნის ნებისმიერი მონაკვეთიდან შეეძლოს, რა პოზიციაზეც არ უნდა დააყენონ და პროცესში ადგილი შეუცვალონ? – ხვიჩას ეს შეუძლია!..
ნამდვილად ყველა “სთარი” შეძლებს, მეტოქეები ამ სიხშირითა და ასეთ განსხვავებულ სიტუაციებში “გააყვითლოს”? – კვარას კი შეუძლია;
მაღალი კლასის ყველა შემტევი გამოირჩევა პასის ასეთი დახვეწილი კულტურით? – “ნაპოლის” 77-ე ნომერს ეს შეუძლია და ამ საქმეში გამორჩეულია;
ბევრი ვარსკვლავი გინახავთ, პასს აშკარად საჭირო დროს
რომ არ აძლევენ, თუმცა ამის გამო გუნდში გარემოს არ აფუჭებს და ყველასთან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს? – ქართველ გარემარბს ეს შეუძლია, დააკვირდით, როგორ გარემოს ქმნის, როცა ნაკრებშია;
აქამდე ჩამოთვლილი უფრო ბოლო მატჩის ირგვლივაა, ხოლო რაც მანამდე იყო, ყველას არც ის შეგვიძლია. ზე ყოველთვის დიდი წნეხია, რომ მან უნდა თქვას, სამოქალაქო პოზიცია დააფიქსიროს და ამ ამბავში მეორე ისაა, მის ნებისმიერ ნათქვამს ყველა საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს, მაინც უკმაყოფილონი არიან, ზოგს მეტის მოსმენა ზოგს – ნაკლების. გვახსოვს, ეს ამბები “კვარას” იტალიაში გადასვლისთანავე დაიწყო. ყველას არ შეუძლია, ასეთი რეჟიმის პირობებში არ დაიძაბოს, ისევ ლაღი იყოს,
ამ ბიჭს კი შეუძლია!..
ბევრ ქვეყანაში, ჟურნალისტებს ამა თუ იმ ვარსკვლავთან ურთიერთობა უჭირთ, ნაკლებად უყვართ, თავს არასასურველად გრძნობენ. კვარაცხელიასთან აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა, მისი წარმატება იმატებს, მაგრამ ის ისევ გულწრფელ და თავმდაბალ ბიჭად რჩება, მას ეს შეუძლია, მან ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთის ცნობადობა სულ სხვა დონეზე აიყვანა!..
არა მარტო სპორტში, ყველა სფეროში, ბევრს არ შეუძლია საკუთარ თავზე ასე იმუშაოს, სხვისი თვალით და კრიტიკილად შეხედოს, როგორაც ეს ხვიჩას შეუძლია. მისი განვლილი გზაზე და თუნდაც მხოლოდ თერთმეტმეტრიანის შესრულებასთან დაკავშირებული ამბავი კარგი მაგალითია;
თქვენ შეგიძლიათ, ირგვლივ ამდენი გაქებდეთ, ბევრიც გაკრიტიკებდეთ, მაგრამ თქვენი საქმე ისე გააგრძელოთ, თითქოს გარემოებები არც არსებობდნენო – “კვარას” ეს შეუძლია!..
განა ყველას შეუძლია, “ნაპოლის” შესაძლებლობების მქონე გუნდში ამდენი ხანი დაჰყოს, ისევ საუკეთესო იყოს და მასზე ამხელა სატრანსფერო თუ მედია ინტერესი არსებობდეს? “კვარადონას” ეს შეუძლია;
დაბოლოს, რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, ხვიჩა კვარაცხელიაზე ქება უარყოფითად არ იმოქმედებს, წერილებში მისი თამაშის ობიექტურად გაანალიზებას რომ არ ვცდილობდეთ და “კვარას” მხრიდან სრულყოფისკენ მიმართულ ნაბიჯებში დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ, სხვანაირად მოვიქცეოდით – ხვიჩას ეს შეუძლია!..