„Abzas Media-ს საქმეზე დაპატიმრებული გამომძიებელი ჟურნალისტის, ელნარა გასიმოვას ადვოკატი, ბაჰრუზ ბაირამოვი სასამართლოში სიტყვით გამოვიდა.
ბაირამოვმა აღნიშნა, რომ 2024 წლის 13 იანვარს დაპატიმრებამდე არ არსებობდა არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ელნარა გასიმოვას ბრალს. მიუხედავად ამისა, ის დააკავეს. ადვოკატის თქმით, რეალური მიზეზი ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელება იყო:
„აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის პლენუმის გადაწყვეტილებით ნათლად არის აღნიშნული: მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი დაექვემდებაროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, თუ ის საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას ატარებს აკრძალულ ოდენობაზე მეტ თანხას. ამ საქმის არცერთ ბრალდებულს ასეთი რამ არ შემთხვევია.“
ბაირამოვმა ასევე გააკრიტიკა „ორგანიზებული ჯგუფის“ ბრალდება და განმარტა, რომ აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფი ორ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:
„ასეთ ბრალდებას მტკიცებულებები უნდა ამყარებდეს – სად და როგორ შემოიტანეს ფული, რა ქნეს – ეს ყველაფერი უნდა ეწეროს საქმეში. მაგრამ 27 ტომიან მასალებში არ არსებობს არცერთი ასეთი მტკიცებულება. გამოდის, თითქოს ბრალდებულებმა ფული საბაჟოს დახმარებით შემოიტანეს, რადგან შეუძლებელია ასეთ თანხას საზღვარზე გადაევლო შემოწმების გარეშე”.
ბაირამოვის თქმით, „Abzas Media-ს საქმეზე“ მტკიცებულებები აბსურდულია და იგივე მასალები ხელახალად გამოიყენეს სხვა ჟურნალისტების საქმეებში.
„მაგალითად, ‘Toplum TV-ს’ საქმეში დაკავებული რუსლან იზზეთლის დაპატიმრების შესახებ განჩინებაში წერია, რომ ის ‘Abzas Media-ს საქმეზე’ იყო დაკავებული. სააპელაციო სასამართლომაც იგივე შაბლონი გამოიყენა და დაწერა, რომ ის 2023 წლის ნოემბერში ულვი ჰასანლისა და სევინჯ ვაგიფქიზისთან ერთად დააკავეს, მაშინ როცა ფაქტობრივად, ის 2024 წლის 8 მარტს დააკავეს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად უკანონო და ფიქტიურია ეს საქმე.“
სიტყვით გამოსვლის ბოლოს ადვოკატმა მოსამართლეებს მიმართა:
„სამართლიან გადაწყვეტილებას არ ველით – ამას კარგადაც ვაცნობიერებთ. ნათელია, რომ თქვენ აქ არაფერს წყვეტთ. რაც ზემოდან გეუბნებიან, იმას აკეთებთ. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ.“
სასამართლო 20 ივნისს გაგრძელდება.
2023 წლის 20 ნოემბრიდან, აზერბაიჯანში მიმდინარეობს ჟურნალისტური გამოძიებებით ცნობილი მედიის – **„Abzas Media-ს“ – თანამშრომელთა მიმართ რეპრესიული პროცესი. დაპატიმრებულებს შორის არიან:
· დირექტორი ულვი ჰასანლი
· მოადგილე მეჰმედ კეკალოვი
· მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფქიზი
· რეპორტიორები ნარგიზ აბსალამოვა და ელნარა გასიმოვა
· გამომძიებელი ჟურნალისტი ჰაფიზ ბაბალი
· და 2024 წლის მაისში – ეკონომისტი და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ფარიდ მეჰრალიზადე
დასაწყისში ყველას კონტრაბანდაში დასდეს ბრალი, თუმცა 2024 წლის აგვისტოში მათ წაუყენეს კიდევ უფრო დამძიმებული ბრალდებები.
ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ საქმეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ ჟურნალისტების გათავისუფლებისა და ყველა ბრალდების მოხსნისკენ.
