საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე უკრაინას და მის პრეზიდენტს მიმართავს და წერს:
„ბატონო პრეზიდენტო, ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, ამ მნიშვნელოვან მომენტში, მე და თქვენი ქართველი მეგობრები თქვენს გვერდით ვდგავართ! გისურვებთ ძალას და ღირსეულ მშვიდობიან მომავალს. თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პატივისცემით“.
სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებით მშვიდობიან მომავალს უსურვებს.
მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კი წერს, რომ ვროპის სტაბილურობა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სრულ უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული.
უკრაინას და პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო ორ დღეში მხარდაჭერა არაერთმა ევრიოელმა ლიდერმაც გამოუცხადა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ესტონეთი მტკიცე სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.
20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მხარისგან მიიღო “სამშვიდობო შეთანხმების” გეგმის პროექტი, რომელსაც, ვაშინგტონის შეფასებით, შეუძლია გაააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასრულების მიზნით.
21 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის პარლამენტს და მთავრობას თანამშრომლობისკენ და განაცხადა: „ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის — ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს”.
რადიო თავისუფლებისთვის ევროპელი დიპლომატის მიერ გადაცემული ვარიანტის თანახმად, უკრაინას გარკვეულ დათმობებზე მოუწევს წასვლა – ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი რუსეთის დე ფაქტო კონტროლს დაექვემდებარება; საბოლოოდ უარის თქმა ნატოში გაწევრიანებაზე. ლაპარაკია ასევე უკრაინის არმიის ზომისა და შეიარაღების ლიმიტზე – გარკვეული ტერიტორიის დემილიტარიზაციაზეც. ექსპერტები თვლიან, რომ გეგმა დიდწილად ეხმიანება რუსეთის მიერ, 2022 წელს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ წამოყენებულ ხისტ მოთხოვნებს.
ამ გეგმის მიხედვით:
· ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი დე ფაქტო აღიარებულია რუსეთისად.
· ხერსონი და ზაპოროჟიე “გაყინულია” კონტაქტის ხაზთან.
· ტერიტორიების ნაწილი ხდება დემილიტარიზებული ბუფერული ზონა, დე ფაქტო რუსეთის კონტროლის ქვეშ.
· ორივე მხარე ვალდებულებას იღებს არ შეცვალოს საზღვარი ძალის გამოყენებით.
· ნატო არ განათავსებს ჯარს უკრაინაში.
· ნატოს სამხედრო თვითმფრინავები განლაგებული იქნება პოლონეთში.
· უსაფრთხოების დიალოგი აშშ-ს, გაეროსა და რუსეთს შორის, ამერიკულ-რუსული სამუშაო ჯგუფის შექმნა.
· რუსეთი იურიდიულად იღებს თავდაუსხმელობის პოლიტიკის ვალდებულებას უკრაინისა და ევროპის მიმართ და ა.შ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News -ისთვის პარასკევს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალი კვირის ხუთშაბათი [27 ნოემბერს] უკანასკნელი ვადაა, როცა ხელი უნდა მოეწეროს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ სამშვიდობო გეგმას.
ზელენსკი აცხადებს, რომ ერის მხარდაჭერით ეცდება გეგმის პირობების შეცვლას, რათა დაიცვას უკრაინის ღირსება და თავისუფლება.
ფორუმი




