“თქვენსავე საფლავს თქვენივე შვილიც რომ არ დასტირებს, იქნებ მიხვდეთ, რომ აყროლდა ლეში” – ლუკა ჯაბუას წერილის ციხიდან

სინდისის პატიმრის, ლუკა ჯაბუამ ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელიც მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ საპროტესტო აქციაზე წაიკითხა:
მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო საყვარელო ადამიანებო, თანამებრძოლებო, ღირსეული ქვეყნის, ღირსეულო შვილებო, მადლობა, რომ ამ ხნის განმავლობაში დაუღალავად იბრძვით, ჩვენი წმინდა მიწის დასაცავად, რომელსაც უამრავი გმირი აღუზრდია. როდესაც ვეცნობოდი ამბებს, ისტორიებს, ვკითხულობდი წიგნებს, დიდი ადამიანების შესახებ, მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ამ პატარა ქვეყანას, ამდენი გმირი ჰყოლოდა, და ახლა თქვენი წყალობით ვხდები, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. ვხვდები, თურმე როგორი ყოფილა იყო დატყვევებული და მაინც ყველა იმ უღირს კაცუნაზე თავისუფალი, რომელიც სავარძელში მოკალათებული , უვიცად, საკუთარ შვილებს ძირსაც კი უთხრის, აქვე პატარა მიძღვნა რეჟიმის ერთგულ ყმებს: შვილებს უვიცად ძირსაც რომ უთხრით, თქვენსავე საფლავს თქვენივე შვილიც რომ არ დასტირებს, იქნებ მიხვდეთ, რომ აყროლდა ლეში, იქნებ მიხვდეთ, რომ აიღოთ გეზი. როგორი კანონებიც არ უნდა მიიღოთ, როგორი რეპრესიებიც არ უნდა ატაროთ, რამდენიც არ უნდა დაგვიჭიროთ, თუ ცენზურები გვიწესოთ, ქართველი ხალხი, მისთვის უკვე კარგად ნაცნობ ჭირს, ხელახლა აღარ შეიყრის, ვერ გაგვასაბჭოთაკავშირებთ. ჩვენი ხმა თავისუფლება, საქართველოს ყველაზე ნათელი ნაწილი, სწორედ ის ხალხი, რომელიც ყოველდღიურად რუსთაველზე დგას, არასდროს ჩაქრება, რაც ადრე ფიზიკურად, თითქმის, შეძლეს, მაგრამ ისინი დღემდე ჩვენს გულებში ცოცხლობენ და მათი შეძახილები დღემდე გვიმაგრებს ზურგს. ჩემში არცერთი წამით არ ჩამქრალა მუხტი, იმედი, შემართება, ჩემზე არ იდარდოთ, ეს ყველაფერი დღიდან დღემდე მზრდის და მაძლიერებს. მინდა ყველა რეჟიმის პატიმარი მოვიკითხო, ვიცი, რომ მხნედ ხართ, თავს არ ხრით და ხართ ამაყად. მეც ვამაყობ თქვენით, იცოდეთ, რომ რეალობა ოცნებაზე ლამაზი იქნება, გჯეროდეთ ამ დღეების, თქვენი, ჩვენი და ყველაფრის. ძალიან მალე ამ დღეებს სიამაყით მოვიგონებ. აბა, თქვენ იცით ბავშვები, თქვენ ხართ ის პატარა ვარსკვლავები, რომლის შეერთებითაც უდიდესი სინათლე წარმოიქმენბა, რომელიც გზას აუცილებლად გაიკვალავს ამ სიბნელეში. ეს ქვეყანა ჩვენია. მადლობა, შეხვედრამდე“, – წერს ლუკა ჯაბუა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.