ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუკი ირანი კვლავ განაგრძობს ისრაელის დაბომბვას, ირანელ ხალხს ძვირი ფასის გადახდა მოუწევს.
„ირანის დიქტატორი საკუთარ ხალხს მძევლებად აქცევს და ქმნის რეალობას, სადაც მათ, განსაკუთრებით თეირანის მცხოვრებლებს, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებული დანაშაულებრივი ზიანის გამო. თუ ხამენეი გააგრძელებს ისრაელის დაბომბვას, თეირანი ცეცხლში დაიწვება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა 14 ივნისს, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ ეიალ ზამირთან და სხვა მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას „The Times of Israel“ ავრცელებს.
13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ – ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი.
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით და შურისძიებით დაემუქრნენ.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პარასკევ საღამოს ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები განახორციელა და „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა“ გაისროლა. თეირანი აცხადებს, რომ ეს ისრაელის მიერ მანამდე ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე „გამანადგურებელი პასუხის“ დასაწყისია.
ავიადარტყმების ქვეშ მოხვდა 13-14 ივნისის ღამეს თელ-ავივი, სადაც დაშავდა სულ ცოტა 35 ადამიანი. 14 ივნისს, დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის მიერ განხორციელებულ ავიაშეტევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობითვე, ისრაელის მიერ თეირანში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 20 ბავშვი.
ფორუმი
