თუ ძალადობას არ შეწყვეტენ, იძულებული ვიქნებით, დავშალოთ აქცია – მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საგანგებო განცხადებას აკეთებს, დემონსტრანტებს ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თუკი ისინი „ძალადობრივ ქმედებებს“ არ შეწყვეტენ, პოლიცია „იძულებული იქნება, შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა“.
მისი განცხადებით, პოლიცია „პარლამენტზე თავდასხმის მოსაგერიებლად“ იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და „წიწაკის სპრეის“.
მისი თქმით, პარლამენტის ეზოში მყოფ პოლიციელებზე გარედან „თავდასხმის“ შედეგად დღეს ერთი პოლიციელი დაშავდა.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებითვე, აქციის მონაწილეები პოლიციელებს ესვრიან მძიმე საგნებს, ბოთლებსა და ქვებს და, მისი თქმითვე, დემონსტრანტები იყენებენ „მხუთავ აირებს“.
დარახველიძის ცნობით, ამ წუთებში დემონსტრანტებს გადაკეტილი აქვთ მტკვრის ორივე სანაპირო და „ახდენენ საავტომობილო მოძრაობის ხელოვნურად პარალიზებას, რაც აკრძალულია“.
მინისტრის მოადგილემ მოუწოდა აქციის ყველა მონაწილეს, „შეწყვიტონ ძალადობრივი ქმედებები და მშვიდ ფორმაში გამოხატონ პროტესტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიმუქრა, რომ პოლიცია „იძულებული იქნება, შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა“.
რუსთაველზე აქციის დაშლა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო – 10:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდა ყველა საპოლიციო სპეციალური საშუალება: წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.
თბილისში, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეს თვალი დაუზიანდა – ტვ პირველის კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული აქვს. მან დაზიანება სავარაუდოდ რეზინის ტყვიით ჩიტაძის ქუჩაზე მიიღო – კადრებში, რომელსაც მედია არცელებს, ის კინო რუსთაველის შენობის წინ ჩანს და სავარაუდოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეპიკაჟთან მიყავთ აქციის სხვა მონაწილეებს.
პირველ მაისს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, – ქუჩებში ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, – „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო – 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ.
წინა ღამეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
სპეცრაზმი დემონსტრანტებს ფიზიკურადაც გაუსწორდა.
„აგენტების კანონი“, – ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, – საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა – 83 ხმით.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

ასევე დაგაინტერესებთ