“თბილისის მშრალი პორტის” (Tbilisi Dry Port) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ ინაიშვილის შეფასებით, შუა დერეფნის გამოწვევებს შორის კვლავ ინფრასტრუქტურა და მაღალი ტარიფები რჩება.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, ფოთის და ბათუმის ნავსადგურები ჩამორჩებიან თანამედროვე მოთხოვნებს და ამასთან, ძალიან ძვირია, რაც ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას ამცირებს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება სერიოზული ინვესტიციების განხორციელება როგორც სანავსადგურე ინფრასტრუქტურაში, ასევე რკინიგზაში. ეს გამოწვევა მუდმივად რჩება. შუა დერეფანი რომ იყოს კონკურენტული სხვა მარშრუტებთან შედარებით, გვჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა და კონკურენტული ფასები. თუ მოკლე ვადებში ამის მიღწევას შევძლებთ, შევძლებთ რომ ტვირთების გარკვეული ნაკადი მოვიზიდოთ და ცენტრალურ აზიაში მიმავალი ტვირთების ძირითადი ნაკადი ან იქიდან ექსპორტზე განკუთვნილი ტვირთების, ჩვენი დერეფნის გავლის მეშვეობით ვატაროთ.
მისივე შეფასებით, პრობლემურ საკითხებზე მუშაობა დაგვიანებულიც კია და თუ ჩრდილოეთის დერეფანი კვლავ გააქტიურდება, ტვირთნაკადის დიდ ნაწილს დავკარგავთ.
“[გამოწვევებზე] ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ სამწუხაროდ კონკრეტული შედეგები არ მოჰყვება. მოვისმინეთ, რომ მოლაპარაკებები პირველი რაუნდი შედგა რუსეთსა და ამერიკას შორის და ისინი მათ შორის სანქციების მოხსნაზე საუბრობენ. თუ ეს მოხდა, ჩვენ ტვირთნაკადის დიდ ნაწილს დავკარგავთ. ჩვენი კონკურენტი არა მარტო რუსეთი და ჩრდილოეთის მიმართულებაა, არამედ ირანიც. თუ ირანის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ ოდესმე მოგვარდა, ისიც ჩვენი ძირითადი კონკურენტი ხდება. მუშაობა მიდის, რომ ცენტრალურ აზიაში მიმავალი ტვირთები გარკვეული ნაკადები კარაჩის ნავსადგურის, პაკისტანის და ავღანეთის, გავლით მოხვდეს ცენტრალურ აზიაში და ეს მიმართულება ასევე აქტუალური ხდება. ასე რომ, ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ, ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ, უნდა ჩავდოთ ფული, განვავითაროთ ნავსადგურები, რკინიგზა და შესაბამისად, შევძლებთ ვიყოთ კონკურენტული”,- ამბობს ჯემალ ინაიშვილი.
bm.ge
