,,თუ ჩვენ მივიღეთ უფრო მკაცრად დასანქცირებული ,,ქართული ოცნების’’ ლიდერები, დასანქცირებული ბიზნესი და საფინანსო სექტორი, ლარის გაუფასურებას შეიძლება არ ჰქონდეს ბოლო”- გიორგი ხიშტოვანი
2025 წლის დასაწყისში ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტრენდი გაჩერდა და ლარი შედარებით გამყარდა, თუმცა იანვრის მეორე ნახევარში კურსის ვარდნის პროცესი განახლდა. წლის დასაწყისში ლარი დოლართან მიმართებაში 2,81 შეადგენდა. 16 იანვრის მონაცემებით კი ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8412 ლარია. ერთი ევრო კი 2.9236 ლარი ღირს.
,,კომერსანტი“ დაინტერესდა რა ფაქტორებმა განაპირობა ეროვნული ვალუტის არსებული გაცვლითი კურსი. კითხვით ჩვენ ფინანსისტს გიორგი ხიშტოვანს მივმართეთ. PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი განმარტავს, რომ წლის დასაწყისში ლარზე მოთხოვნა ყოველთვის იზრდება, რამაც გაუფასურების პროცესი შეანელა. ამას დაერთო ეროვნული ბანკის მიერ რეზერვებიდან განხორციელებული ინტერვენციები. შედეგად ლარის გაუფასურების ტრენდი გაჩერდა. მიმდინარე პერიოდში კი ეს ფაქტორები მოიხსნა და შედეგად ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება განაგრძო.
,,წლის ბოლოს მოთხოვნა ლარზე იზრდება, რაც კურსის დასტაბილურებას იწვევს და ხშირ შემთხვევაში გამყარებასაც. შეიძლება ეს იყო ფაქტორი, რამაც გაუფასურების ტრენდი შეაჩერა, შეანელა. მას შემდეგ, რაც ეს ჭარბი მოთხოვნა ლარზე შეჩერდა (ვგულისხმობ პერიოდს დაახლოებით 5 იანვრიდან) ვხედავთ ისევ ნელ გაუფასურების ტრენდს. მისასალმებელია, რომ ის არ არის სწრაფი, მაგრამ დინამიკაში რომ შევხედოთ, ლარის კურსის გაუფასურების ტრენდია თვალსაჩინო. მე მგონია, რომ ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ ეროვნულმა ბანკმა გაიაზრა, რომ ხელოვნურად კურსის დაჭერა რეზერვების დახარჯვის გზით არ არის სწორი სტრატეგია. არ არის რეალური და რეალიზებადი სტრატეგია, რის საფუძველზეც შეიძლება (ამას გავიგებთ ცოტა ხანში) მისი ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე შენელებულია, რითაც შეიძლება აიხსნას მათ შორის კურსის მცირე, მაგრამ შეუჩერებელი გაუფასურება.’’- აცხადებს გიორგი ხიშტოვანი ,,კომერსანტთან’’.
ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი ინტერვენციებს გააგრძელებს, თუმცა ეს არ იქნება იმ მასშტაბიც, რაც 2024 წლის ბოლოს დაფიქსირდა. გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების გაყიდვით ლარის რყევების მართვას შეეცდება.
,,ჩემი ვარაუდით ინტერვენციები გაგრძელდება, მაგრამ იქნება უფრო რბილი, ნაკლებად მასშტაბური და მართლაც იმისკენ მიმართული, რომ სერიოზულ რყევებს არ ჰქონდეს ადგილი. თუ კურსის გაუფასურების პროცესი გაგრძელდება ეს პროცესი იყოს უფრო მართვადი. რა ნიშნულზე შეიძლება დავიდეს ლარი? არ მაქვს ამაზე პასუხი. ძალიან ძნელია დღეს ამის პროგნოზირება. თუ ჩვენ მივიღეთ უფრო მკაცრად დასანქცირებული ,,ქართული ოცნების’’ ლიდერები, დასანქცირებული ბიზნესი და თუ ეს შეეხო საფინანსო სექტორსაც, გაუფასურებასაც შეიძლება არ ჰქონდეს ბოლო. გააჩნია, რამდენად გამძაფრდება ერთი მხრივ პოლიტიკური კრიზისი და მეორე მხრივ რა შედეგები ექნება ამას ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რამდენად გადაიქცევა ის ეკონომიკურ კრიზისად. თუ ასე მოხდა გაუფასურება არ გაჩერდება.’’- აცხადებს გიორგი ხიშტოვანი ,,კომერსანტთან’’ საუბარში.