თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ჩვენ გვემუქრება, ვიმოქმედებთ | კოლომინა ოჩამჩირის ბაზაზე

სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, ს მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატო-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს. ამ თემაზე მან “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც ვხედავთ რუსეთის მხრიდან მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვესაა, ეს იწვევს შეშფოთებას. თუმცა, როგორც გითხარით, შავი ზღვა დღეს უკვე განიხილება რეგიონული, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სივრცედ და ის არის ნატო-ს სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას, ნატო-ს ექნება შესაძლებელობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ, თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს ჩვენ გვემუქრება”, – ამბობს კოლომინა.
კოლომინა ამბობს, რომ შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ეს მკაფიოდ არის ჩაწერილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2022 წელს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა. მისივე განცხადებით, შავი ზღვა არის იმ დისკუსიის ნაწილი, რომელსაც ალიანსი მართავს, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ისე პარტნიორებთან ამ რეგიონში.