„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თავიდანვე მისი პრინციპული პოზიცია იყო, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაოს არ გადაიხდიდა.
ჯაფარიძის თქმით, თუ მას და სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ამის გამო დააკავებენ, ახალი პოლიტიკოსები გაჩნდებიან.
„გირაოს არგადახდა იყო ჩემი პრინციპული პოზიცია თავიდანვე. მე ვამბობდი, რომ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, რადგან ეს პარლამენტი არ არის პარლამენტი, ეს კომისია არ არის კომისია და ნებისმიერი სისულელე, რაც არ უნდა დაგავალონ, არ უნდა გააკეთო. ამ აზრზე ვრჩები.
რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოხდეს თუ ყველა პოლიტიკოსს დააკავებენ? — არაფერი, გაჩნდებიან ახალი პოლიტიკოსები. ყველა პოლიტიკოსია, ვინც ახლა ქუჩაშია და ვინც იბრძვის. უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. უნდა გაგრძელდეს, პირველ რიგში, წინააღმდეგობა ქუჩიდან და რაც მეტი იქნება, მით უკეთესი”, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე „ტვ პირველთან“.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
კომისიაზე დაბარების მიუხედავად არაერთი ადამიანი არ მივიდა, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ა.შ.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ყველას ფულადი გირაო შეუფარდეს.
14 მაისს დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც ის სასამართლოში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის გირაო არ აქვთ გადახდილი ოპოზიციის ლიდერების ნაწილს, მათ შორის: ზურაბ ჯაფარიძეს, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას. როგორც ისინი ამბობენ, კომპრომისზე წასვლასა და გირაოს გადახდას არ აპირებენ.
დააკავებენ თუ არა ზურაბ ჯაფარიძეს 22 მაისს გახდება ცნობილი, სწორედ ამ დღესაა ჩანიშნული მისი სასამართლო.
