„თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სასიკეთოდ არ გადაწყდა, მოგვიწევს საქართველოს ბაზარი დავტოვოთ“ – სტარტაპი Adviso

ჩვენი პროდუქტი არ არის მხოლოდ ქართული ბიზნესებისთვის, უფრო დიდი პერსპექტივა გვაქვს. მგონია, რომ ჩვენ ნაკლებად დავზარალდებით, თუმცა თუ პროცესი სასიკეთოდ არ გადაწყდა, საქართველოდან წასვლა მოგვიწევს, – ამის შესახებ მობილური და ვებ ფინტექ აპლიკაცია Adviso-ს დამფუძნებელმა ნიკოლოზ ქოიავამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში განვითარებული პროცესები, სტარტაპებისა და ზოგადად, ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.
“სიტუაცია ძალიან მალე უნდა განიმუხტოს, თუმცა მხოლოდ ერთი მიმართულებით – ეს არ შეიძლება ევროპაზე და პროგრესზე უარის თქმით მოხდეს. ჩვენ ახალ სამართლიან არჩევნებში ვხედავთ გამოსავალს. ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური სამართლიანობა ხელს შეუწყობს ბიზნესის სამართლიან გარემოში ფუნქციონირებას. გვიჭირს მუშაობა როგორც ემოციურად, ისე ინვესტორების მოზიდვის კუთხით. გაურკვევლობაა და ინვესტორები უარსაც გვეუბნებიან. თუ სასიკეთოდ არ დალაგდა სიტუაცია განვითარება ძალიან შეფერხდება. საუბარი მქონდა არა მხოლოდ უცხოელ, არამედ ქართველ ინვესტორებთან. ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოსავლის გზებს ვეძებთ”, – აცხადებს ნიკოლოზ ქოიავა.
ცნობისთვის, Adviso საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.