თუ ქვეყანაში კრიზისი არ განიმუხტა, არავინ დარჩება მოგებული – ყველა დავზარალდებით – ზვიად ჭუმბურიძე (bm.ge)

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის შეფასებით, თუ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი მალე არ განიმუხტა, ყველა დაზარალდება.
„არავინ მოგებული არ დარჩება – არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია, არც მოქალაქეები. ყველა ვზარალდებით“, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას, სადაც მსხვილი ბიზნესის და „ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრასაც გამოეხმაურა.
„კარგია, რომ პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდნენ, მაგრამ რა უნდა ეთქვა ბიზნესს?! ფაქტია, ის მოთხოვნები, რომელიც პლატფორმა freebuisnes.ge-ზე დაფიქსირდა ადეკვატურია, თან მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. მე არ ვიცი, იმ შეხვედრაზე ბიზნესმენებმა რა თქვეს, მაგრამ ძალიან გამიკვირდება თუ ვინმემ თქვა, რომ „ეს ყველაფერი ჩაივლის“…. პოლიტიკური კრიზისი თუ არ განიმუხტა, შედეგები ყველა სექტორს დაემჩნევა – ტურიზმით დაწყებული, უძრავი ქონების სექტორით დამთავრებული. თქვენ როგორ გგონიათ, მშენებლობის დარგში უძრავ ქონებას ვინ გაყიდის?! – სავარაუდოდ, ვერცერთი კომპანია და ეს სიტუაცია ხომ გაკოტრებამდე მიიყვანს იმ დიდ სამშენებლო კომპანიებს, ვინც უმეტესწილად ბანკთან არის ანგარიშვალდებული და ა.შ.“, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივნის შეფასებით, შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის გზად დიალოგს ხედავს, ამ პროცესში კი, მთავარ ფიგურად პრეზიდენტი ესახება.
„ვფიქრობ, ახლა უფრო უპრიანია, პრემიერი შეხვდეს პრეზიდენტს. ერთადერთი ადამიანია სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც შეუძლია ევროპელებს და ამერიკელებს დაელაპარაკოს. სამწუხაროდ, [ოცნების] მთავრობამ ეს რესურსი ამოწურა. ვხედავთ, უკვე რამდენიმე ქვეყანამ დაასანქცირა პრემიერი, მინისტრები და „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. მე არ ვიცი ქვეყნები, რომლებიც ასეთ ვითარებაში ყოფილან და მარტივად გამოსულან… ამასთან, იმ ხალხის გამოწვევა და გაბრაზება, ვინც ქირაობს ხელისუფლებას და ხელფასს უხდის, არაა მარტივი საქმე. ამდენად, დღეს ორმაგი ჩიხი გვაქვს – შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა გადაწყდეს და ვისურვებდი, რომ უახლოეს დღეებში, სამთავრობო გუნდი ან თუნდაც შეხვდეს პრეზიდენტს და გაისაუბრონ, იქნებ იპოვონ უკეთესი გზა, რომ გამოვიდნენ ამ რთული ვითარებიდან… უნდა გავიაზროთ, უზარმაზარი გამოწვევა გვაქვს როგორც საგარეო, ისე საშინაო მიმართულებით და ვისურვებდი, რომ ეს დიალოგი თუ მაინც და მაინც პრეზიდენტის სასახლეში – არა, სადმე მაინც შედგეს. უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ამ ჩიხური მდგომარეობიდან – ამას გვთხოვს ჩვენი ახალგაზრდა თაობა“, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.