ICR ჯგუფის დამფუძნებელი კახა ხაზარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიზისია, რომელიც ნელ-ნელა ღრმავდება. მისივე თქმით, თუ ქვეყანამ მიდგომები რადიკალურად არ შეცვალა, საქართველოს ეკონომიკური ჩამორღვევა ვერ ასცდება. განცხადება კახა ხაზარაძემ TV პირველთან საუბარში გააკეთა.
,,თუ ქვეყანამ მიდგომები რადიკალურად არ შეცვალა, საქართველოს ეკონომიკური ჩამორღვევა ვერ ასცდება. რადიკალური შეცვლა ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს. არსებულ სიტუაციაში ჩვენი ყველაზე დიდი რისკი არის გაუმართავი ინსტიტუციები, არარსებული სასამართლო, სადაც, ყველა ბიზნესმენს რომ ჰკითხოთ, ალბათ, ნატრულობს, რომ სასამართლოში დავა არ მოუწიოს. როცა ქვეყნის ეს დაწერილი კანონები არ არსებობს და ეს პრობლემას ჩვენ, ქართველ ინვესტორებს გვიქმნის, შესაბამისად, უცხოელი ინვესტორიც ხომ ფლობს ინფორმაციას. არცერთი მსხვილი კომპანია საქართველოში სერიოზულ ინვესტიციას არ განახორციელებს. ჩვენი არსებული პარტნიორებიც აღარ აპირებენ. ფიქრობენ, რომ მიმდინარე პროექტებიც გააჩერონ. იმიტომ, რომ რისკფაქტორი იზრდება, ხედავენ და კაპიტალის გატანასაც განიხილავენ.”- განაცხადა კახა ხაზარაძემ.
ICR ჯგუფის დამფუძნებელმა იმ ნიშნებზეც ისაუბრა, რაც კრიზისის არსებობას ადასტურებს. კახა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მსხვილი ინვესტორები თანხებს აღარ დებენ. კრიზისზე ასევე მიუთითებს ქსელში მომხმარებლის კლება.
“მსხვილ ბიზნესთან კომუნიკაცია მაქვს და ფაქტობრივად, არცერთს ახალი ინვესტიცია არ გაუკეთებია. ახალს ჩვენც არაფერს ვაკეთებთ. წლევანდელი პირველი კვარტალი შარშანდელს შევადარეთ და წელს უფრო მეტი ფასდათმობის გაკეთება მოგვიწია, თუმცა, ამის მიუხედავად, 10%-იანი კლება გვაქვს. შარშანდელთან შედარებით, ჩვენს ქსელში მომხმარებლების კლებაც გვაქვს. საშუალო გადახდის ჩეკიც დაბალია – რაც იმ კრიზისზე მიუთითებს, რომელიც ნელ-ნელა უფრო სიღრმეებში შედის.’’- განაცხადა ICR ჯგუფის დამფუძნებელმა, კახა ხაზარაძემ TV პირველთან საუბარში.
