„თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ეკონომიკა ყველა გამოხატულებაში მძიმე მდგომარეობაში იქნება“ – გიგა ბედინეიშვილი

„თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ეკონომიკა ყველა გამოხატულებაში მძიმე მდგომარეობაში იქნება“, – ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე პერიოდში პოლიტიკური პროცესების არასტაბილურობის გამო ეკონომიკაში შიშები და გაურკვევლობაა, მაგრამ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება იმის მიხედვით, თუ რა შედეგი დაფიქსირდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მერყეობა, შფოთვა, ნერვიულობა იქნება ფინანსებში. ჩემი აზრით, ყველაფერი გადაწყდება ოქტომბერში, არჩევნებზე. ან ძალაუფლება დარჩება „ქართულ ოცნებას“ ან ხელისუფლებაში მოვა ოპოზიციური გაერთიანება.
ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ უკვე აღარ აქვს მხარდაჭერა იმისთვის, რომ მოიგოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძნელია ზუსტად პროგნოზირება. ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ყველაფერი ცალსახად და ბინალურადაა, თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივები მკვეთრად გაუარესდება.
მაშინ ნახეთ ინვესტორების შფოთვა და ნერვიულობა. ახლაც რა თქმა უნდა, ნერვიულობენ, მაგრამ არის შიში და არის იმედი და თუკი ეს ივანიშვილის სასარგებლოდ გადაწყდება და ის გააგრძელებს ქვეყნის სკენ წათრევას, რა თქმა უნდა, ლარიც ცუდ დღეში იქნება და ქართული ეკონომიკა ყველა გამოხატულებაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნება“, – აღნიშნა ფინანსისტმა.
როგორც მან განმარტა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა გარე ფაქტორებმა განაპირობა, ხოლო თუ ამ ფაქტორებს შიდა პოლიტიკური პროცესების შედეგები გადაწონის, ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე ფინანსური რეზერვები იქნება, რამაც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი უნდა აარიდოს თავიდან.
„ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ ბევრი დოლარი გამოიტანა აუქციონზე, როცა ლარს სისუსტე ჰქონდა და ერთი, ორჯერ იყო ასეთი აუქციონი. მეორე მხრივ, ეკონომიკაც გაიზარდა და რეზერვების შეფასება ხდება ეკონომიკის ზომასთან მიმართებით. ფაქტია, რომ ბოლო 2-3 წელი პოსტკოვიდის ეფექტისა და შემდეგ უკრაინის ომის გამო, ეკონომიკური ზრდაც გვქონდა, ლარის გამყარებაც, რუსეთიდან ადამიანების შემოსვლაც, მესამე ქვეყნების გავლით ექსპორტის ზრდაც, რამაც ლარიც გაამყარა. ასევე გაიზარდა დოლარში ეკონომიკის ზომა, შესაბამისად, ყველაფერ ამის გამო, რეზერვების ადეკვატურობა შემცირებულია. კიდევ ერთი ფაქტორია ის, რომ ეროვნულ ბანკს 7ტ ოქრო უყიდია, რაც გაუმჭვირვალედ გააკეთა, მაგრამ ამან შესაძლოა რეზერვების ღირებულება ისე არ შეამცირა, მაგრამ, შესაძლოა სავალუტო ფონს ჰქონდეს ლიკვიდურობის კრიტერიუმი და არსებულ დოლარებს და ევროებს უფრო მეტ წონას ანიჭებს, ვიდრე ოდნავ ნაკლებად ლიკვიდურ აქტივებს, როგორიცაა ოქრო და ძვირფასი მეტალებია.
ნახევარი მილიარდის დოლარის ოქრო იყიდა ეროვნულმა ბანკმა, თან გაუმჭვირვალედ და ამიტომ შესაძლოა სავალუტო ფონდი დოლარსა და ევროს ზომას უფრო ითვალისწინებს, ვიდრე სხვა რეზერვებს. არ ვარ ექსპერტი ამ კრიტერიუმებში, მაგრამ ალბათ, ადეკვატურობის გარდა, იქნება სხვა კრიტერიუმების დიაპაზონიც. მთავარი არის ის, რომ რა თქმა უნდა, ქვეყანას უნდა ჰქონდეს დიდი რეზერვები, რომელიც მის ეკონომიკას დააზღვევს“, – განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
მისი თქმით, არჩევნებამდე ეკონომიკაში რყევები გაგრძელდება და პროცესი იმის მიხედვით წავა, რა უფრო დიდი იქნება საზოგადოებაში შიში თუ ცვლილებების იმედი. არჩევნების შედეგებით კი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივები ნათლად გამოჩნდება. თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ეს ეკონომიკაზე მკვეთრ უარყოფით გავლენას მოახდენს.
„უცნაური პროცესია იმ თვალსაზრისით, რომ როგორც ვთქვი, ჭეშმარიტების მომენტი არჩევნებია. იქამდე მერყეობა, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ბევრი რაღაც მგონი, უკვე ასახულია ფასებში, ეს იქნება ქართული ბანკების აქციების ღირებულება თუ ევრობონდის საბაზრო განაკვეთი.
ალბათ, ვეტოს დაძლევენ და ეს უკვე ასახულია ლარში. შესაძლოა ლარი კიდევ დასუსტდეს, მაგრამ, ბოლოდროინდელ დასუსტებაში ვფიქრობ უკვე ასახულია ეს მოლოდინი, რომ ვეტო დაიძლევა. ყველაფერი კი დამოკიდებული იქნება, რა იქნება კონსენსუსი იმის შესახებ, თუ საით მიდის ეს ქვეყანა მომავალში.
ამასთან დაკავშირებული შ, ასახული იქნება ეკონომიკაში. თუ გვექნება იმედი, ეს ლარს გააძლიერებს და პირიქით, თუ შიში გვექნება, ეს დაასუსტებს ვალუტას. ყველაფერი გაირკვევა არჩევნებზე, სადაც ძალიან საშიში პერსპექტივაა „ქართული ოცნების“ ძალაუფლებაში დარჩენა და მეორე მხრივ, საოცრად დადებითი პერსპექტივაა ეკონომიკური და პოლიტიკური გარღვევა, თუ „ქართულ ოცნებას“ მოვიშორებთ ხელისუფლებიდან“, – აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.