“თუ ფასწარმოქნის წესი არ შეიცვალა, DRG იქნება ჯოხი ბორბლებში და არა განვითარების მასტიმულირებელი მექანიზმი”- კალოიანი

ჯანდაცვის სექტორი DRG-ით დადგენილი ტარიფების გადახედვას ითხოვს- სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებულ სისტემაში შესული ცვლილებები პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისთვის საკმარისი არ არის და არსებული ტარიფებით მუშაობისას მათთვის წარმოუდგენელი ხდება განვითარებაზე ფიქრი, მათ შორის დამატებითი ინვესტიციების განხორციელება.
პროცესის ფრაგმენტულობაზე საუბრობს ჩვენთან ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ კალოიანი. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო DRG სისტემაში ცვლილებებს იღებს, თუმცა პროცესში ის ადამიანები არ არიან ჩართული, რომლებიც რეალობაში ხედავენ გამოწვევებს. შესაბამისად, მისი შეფასებით, მიიღება გადაწყვეტილებები, რასაც რეალური ეფექტი არ აქვს.
“არაფერი სტრატეგიული არ შეცვლილა. გარკვეულ ნოზოლოგიებზე, კოეფიციენტები შეცვალეს თუმცა გადაწყვეტილების მიღების წესი პრობლემაა, რადგან ის დამოკიდებულია, ე.წ ჯანდაცვის დირექტორზე და არა სამედიცინო ფაქტებზე, კვლევის შედეგებზე, ფასთა შესწავლაზე, ტექნოლოგიებზე. მეორე პრობლემა ის არის , რომ სახელმწიფოს საერთოდ არ აინტერესებს რა შესყიდვას აწარმოებს ის, რა ხარისხის პროდუქტს იღებს, ამიტომაც გვაქვს რეალურად DRG, რომელშიც თითქოს ძალიან დიდ რესურსს ვხარჯავთ, მაგრამ შედეგი არ გვაქვს.
შესაბამისად, თუ არ იქნება ხარისხზე ორიენტირებული, ობიექტივიზირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი, ფასწარმოქმნის ის წესი, რაც მიღებულია DRG-ის დროს, რომელზეც მსჯელობენ პაციენტის ინტერესების დამცველი პროფესიული ასოციაციები, ჰოსპიტლები და ფულის გადამხდელები და გადაწყვეტილება არგუმენტირებულად იღებენ მათ მიერ და არა ბიუროკრატიის გადაწყვეტილი სტანდარტებით, მანამდე DRG იქნება ჯოხი ბორბლებში და არა განვითარების მასტიმულირებელი ჯანდაცვის სისტემა.”-ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ კალოიანი.

ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს სახელმწიფო ორ წელზე მეტია DRG სისტემით აფინანსებს და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, მასში ძირეული ცვლილებები არ შესულა. ბოლო კორექტირებების შედეგად, სამინისტრომ პაციენტის თანაგადახდის მექანიზმი დაუშვა მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო მომსახურების დროს, პაციენტს შეუძლია ვიპ პალატის მომსახურებაზე და მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანხები საკუთარი ჯიბიდან დაამატოს. ცვლილებებს სექტორი ითხოვდა კომბინირებულ ოპერაციებთან მიმართებითაც, თუმცა ამ დრომდე ამ კუთხით ნაბიჯები არ გადადგმულა.