„თუ ფასები არ დაკორექტირდა, ბინების გაყიდვების შემცირების ტენდენცია გაგრძელდება“
„თუ ფასები არ დაკორექტირდა, ბინების გაყიდვების შემცირების ტენდენცია გაგრძელდება“ , – ამის შესახებ პირველი საკრედიტო კავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა, “მწვანე ინვესტიციების” დამფუძნებელმა გივი კორინთელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბინების გაყიდვების შემცირების ტენდენცია დიდი ხანია დაწყებულია და ამის განმაპირობებელი ძირითადად ორი ფაქტორია. გივი კორინთელი პირველ ფაქტორად, მიგრაციული ბუმის შემდეგ, უძრავ ქონებაზე შემცირებულ მოთხოვნას ასახელებს. რაც შეეხება მეორე გამომწვევ მიზეზს, მისი თქმით, ეს ბანკების მხრიდან გართულებულ იპოთეკურ/დეველოპერულ სესხებს უკავშირდება.
ცნობისთვის, თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები აპრილში წლიურად 2.6%-ით შემცირდა, ტრანზაქციების შემცირების პარალელურად, კი ფასები გაიზარდა. კერძოდ, 2025 წლის აპრილში დედაქალაქში 3 256 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, ბაზრის ზომა კი, 6.6%-ით, 244 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება ფასს, „ქოლიერსის“ მიხედვით, აპრილში ზოგადად საცხოვრებელი ბინები დედაქალაქში წლიურად 6.8%-ით გაძვირდა. თუ წელს აპრილში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 168 დოლარს გაუტოლდა, წინა წლის იმავე პერიოდში 1 094 დოლარი იყო.
„ეს პროცესი [გაყიდვების შემცირება] დიდი ხანია დაწყებულია. ამას ძირითადად ორი მიზეზი აქვს. პირველი, 2023 წლის და ასევე, 2024 წლის პირველ ნახევარში მიგრაციული ბუმის, ფასების და გაზრდილი გაყიდვების შემდეგ, ახლა შესაბამისად კორექტირდება ბაზარი. იმიტომ,
რომ უცხოელების მხრიდან ასეთი დიდი მოთხოვნა აღარ არის. ეს მოთხოვნაც ყველასთვის ცნობილი მოვლენებით [რუსეთ-უკრაინის ომი] იყო გამოწვეული.
მეორე მიზეზი არის იპოთეკური/დეველოპერული სესხების აღების გართულებული პროცესი ბანკებში, რაც დღემდე გრძელდება. ამანაც დაამჩნია თავის კვალი.
მე ვფიქრობ, ფასი სანამ არ დაკორექტირდება (მაგალითად, 2023 წლის ნიშნულზე არ დავა, მაშინ ხელოვნურად იყო ფასები გაზრდილი) ალბათ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. თუ ჩვენ ერთი წლის ჭრილში ვაფასებთ, ვფიქრობ, სწორედ შარშანდელი წლის ამ პერიოდში იყო ის გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც ამოვარდნილი იყო ზოგადი სცენარიდან. აქედან გამომდინარე, ალბათ, უფრო დავუბრუნდებით იმ სტაბილურ გაყიდვებს და რიცხვებს, რაც მანამდე იყო. ასევე, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული თავად ბანკებზე, რამდენად მობილურები იქნებიან იპოთეკური სესხებთან მიმართებით“,- ამბობს გივი კორინთელი.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
