„თუ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელურ შეთანხმებას აქვს ადგილი, ეს დასჯადია“ – ირაკლი მარგველაშვილი

„თუ რამდენიმე კომპანია შეთანხმებულად მოქმედებს, მედიკამენტების ფასებს ზემოთ წევს და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელურ შეთანხმებას აქვს ადგილი, ეს დასჯადია“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობა მედიკამენტების ფასნამატს არ არეგულირებს და ლოგიკურია, რომ ფასნამატის დარეგულირების საკითხი დადგეს.
„საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობა ფასნამატს არ არეგულირებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენებია რამდენიმე მედიკამენტი, რომელსაც ძალიან დაბალი თვითღირებულება აქვს და დიდი ფასნამატით – 3000-ჯერ ძვირად იყიდება. გამოჩნდა კითხვა – რა მედიკამენტებია ესენი და როგორ ხდება ასეთ მედიკამენტებზე მოთხოვნის შექმნა, რატომ ნიშნავენ ექიმები და რატომ იყიდება ამხელა ფასნამატიანი წამლები? მესამე – როცა საუბარია საქართველოში რეფერენტულ ფასებზე, რეფერენტული ფასები არეგულირებს მაქსიმალურად დასაშვებ ფასს, მაგრამ ფასნამატს არ არეგულირებს, 1000% მოიგო, 2000%, თუ 3000%, ამას არ არეგულირებს. ლოგიკურია, რომ დადგეს ფასნამატის დარეგულირების საკითხი. მოდით, ფასნამატი იყოს რეგულირებადი. ავიღოთ საერთაშორისო სტანდარტები და დავარეგულიროთ, იმიტომ, რომ დღეს ეს დარღვევად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ რამდენიმე კომპანია შეთანხმებულად მოქმედებს და ფასებს ზემოთ წევს. თუ შეთანხმებას ადგილი არ აქვს, ეს არის ღია ბაზარი და კანონი თუ არ ზღუდავს დასაშვებია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობთ მორალურ ასპექტებზე. თუ ადგილი აქვს კარტელურ შეთანხმებას რამდენიმე კომპანიას შორის ფასის დაწევასთან დაკავშირებით, ამას კონკურენციის ეროვნული სააგენტო აჩვენებს და თუ ასეთი შეთანხმება არსებობს, უნდა დაისაჯოს“, – აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000-2000 და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. სამინისტროს ინფორმაციით, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.