თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, როგორც პალატაში, ასევე შემდგომში საკანშიც – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ბრეგაძე ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც საუბარია მესამე პრეზიდენტის სამარტოო პალატაში ყოფნაზე. ბრეგაძე ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში, მოძებნიან სხვა პატიმარს და შეუსახლებენ როგორც ვივა მედში, ისე შემდგომში, საკანში:
“დასკვნაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თითქოსდა ის არის მარტო და ფაქტობრივად სამარტოო საკანს უთანაბრდება ეს გარემოება. რას ნიშნავს მარტო ყოფნა – ეს არის მისი სურვილი, რომ საკანშიც და პალატაშიც მარტო ყოფილიყო. მას დღეის მდგომარეობით ჰყავდა 3 ათასი ვიზიტორი არასრულ 2 წელიწადნახევარში. ახლა იქნებ ვინმემ ახსნას, რას ნიშნავს, რომ ადამიანი არის მარტო. როდესაც ყოველდღიურად სტუმრობენ ოჯახის წევრები და საათებს ატარებენ მასთან. თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ. გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და ვიპოვით ვინმე სხვა პატიმარს, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ როგორც პალატაში, ასევე შემდგომში საკანშიც.” თქვა ბრეგაძემ.
რაც შეეხება დასკვნის იმ ნაწილს, რომ სათვალთვალო კამერები უშუალოდ პალატაშია დამონტაჟებული, იუსტიციის მინისტრი ამ ფაქტს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებით ხსნის, ხოლო სეირნობის უფლებაზე ის ამბობს, რომ ამის სურვილი თავად სააკაშვილს არ გამოუთქვამს არც ერთხელ.
იხილეთ:
· “მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო” | ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნა “ვივა მედისა” და მიხეილ სააკაშვილის შესახებ