“თუ ტურისტული ნაკადები არ გაიზრდება, ან დახურვა ან თავის გადარჩენა მოგვიწევს” – „ლუდსახარში ვარძია“

“თუ ტურისტული ნაკადები არ გაიზრდება ან დახურვა, ან თავის გადარჩენა მოგვიწევს” , – ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთში, კონკრეტულად კი ასპინძაში ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანიის და სასტუმროს „ლუდსახარში ვარძია“ დამფუძნებელმა, ზაზა ზედგენიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი განმარტებით, კომპანიისთვის ძირითადი მომხმარებლები ტურისტები იყვნენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე გასულ წელს ევროპელი ტურისტები შემცირდა, მათ პროდუქტზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდა. შედეგად, კომპანიას თავის გადარჩენის მიზნით, ალტერნატიული გზების მონახვა უწევს.
„2024 წელს ფაქტობრივად განვითარებისთვის არაფერი გაგვიკეთებია და მოლოდინის რეჟიმში ვიყავით. არც 2025 წელია ამ კუთხით განსხვავებული. კვლავ სიტუაციის დასტაბილურებას ველოდებით. თუ ტურისტული ნაკადები არ გაიზარდა, ლუდის გაიაფება და ინდუსტრიული ლუდის სეგმენტში შესვლა მოგვიწევს.
ჩემ შემთხვევაში კრაფტ ლუდის მოხმარება დაახლოებით 20%-ით შემცირებულია. ძირითადად საერთაშორისო სტუმრებზე ვიყავით დამოკიდებული, რომლებიც კრაფტ ლუდს აქტიურად მოიხმარენ. შარშან შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ცუდი სეზონი იყო ტურისტებისთვის. საქართველოში კრაფტ ლუდის მომხმარებლების რაოდენობა სტატისტიკურად მაღალი არ არის და ბაზარი მასობრივ წარმოებაზეა ორიენტირებული. ვფიქრობთ, რომ თუ ტურისტული ნაკადები არ გაიზრდება, მოგვიწევს რომ ან დავხუროთ ან თავი გადავირჩინოთ“, – ამბობს ბიზნესმენი.
ინფორმაციისთვის, 2021 წლის სექტემბერში, სამცხე-ჯავახეთში, კონკრეტულად კი ასპინძაში ქვევრის ლუდის მწარმოებელმა კომპანია „ლუდსახარში ვარძიამ“ ლუდის სპა და საოჯახო სასტუმრო აამოქმედა. კომპანიის დამფუძნებლის თქმით ინვესტიციამ 50 000 ლარი შეადგინა.