თუ სხვა პლატფორმები არ გაუქმდება, ენერგეტიკულ ბირჟას ოპერირება ძალიან გაუჭირდება – მერაბ ლომინაძე

სამ თვეზე მეტია საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგება არ დადებულა. ბირჟის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ვაჭრობა ბოლოს 12 ნოემბერს შედგა.
თუ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისთვის არსებული სხვა პლატფორმები არ გაუქმდება, “თრეიდინგ სოლუშენის” მმართველი პარტნიორი თვლის, რომ ენერგეტიკულ ბირჟას ოპერირება ძალიან გაუჭირდება. გარდა ამისა, მერაბ ლომინაძე BMG-სთან ამბობს, რომ რისკები, რომელიც რეგიონში მიმდინარე ომს, რეცესიას და ევროპაში გარკვეულ ეკონომიკურ დაღმასვლას უკავშირდება, არ გამქრალა, ამიტომ ხელისუფლების გადასაწყვეტია აღნიშნული რისკების გათვალისწინებით გახსნის თუ არა 1-ელი ივლისიდან ბირჟას სავალდებულო წესით.
„ჩემი პოზიციაა, რომ თუ არ მოხდება სხვა პლატფორმების გაუქმება, იქნება ეს ესკო თუ სხვა პირდაპირი კონტრაქტების წესები ესკოს გავლით, ამ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება ბირჟას კონკურენცია სხვა პლატფორმებთან, რადგან ბირჟაზე ნაყიდი და გაყიდული ელექტროენერგიის ღირებულება თვითღირებულების თვალსაზრისით უფრო ძვირია, შესაბამისად ბიზნესს არანაირი მოტივაცია არ ექნება, რომ ბირჟაზე ივაჭრონ, თუ არ მოხდება ბირჟის მხრიდან სხვა ალტერნატიული პლატფორმებისთვის კონკურენციის გაზრდა, ან მეორეა, როცა ეს სხვა პლატფორმები სრულად გაუქმდება და კომპანიებს საშუალება არ ექნებათ, რომ ელექტროენერგია იყიდონ და გაყიდონ ბირჟის გარეშე. ამისთვის უნდა მოემზადოს ყველა მონაწილე.
ასევე ჩემთვის ნიშანდობლივია ის, რომ ბირჟის ამოქმედების ექვსჯერ გადადების წინაპირობა გახლდათ ის ფაქტორები, რომელიც იყო ირგვლივ რეგიონში, ქვეყანაში და ა.შ ეს ფაქტორები არსად არ გამქრალა, დღემდე მიმდინარეობს ომი, რეგიონის მასშტაბით სახეზე გვაქვს რეცესია და გარკვეული ეკონომიკური დაღმასვლა რიგ ევროპის ქვეყნებში, შესაბამისად არანაირი წინსვლა და მდგომარეობის გაუმჯობესება თუნდაც წინა წელთან და იმის წინა წელთან შედარებით არ მომხდარა. ახლა ხელისუფლების და შესაბამისი ორგანოების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა მათ ეს რისკები აიღონ თავის თავზე და გაუშვან ბირჟა როგორც ახალი პლატფორმა ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვისთვის“,- აცხადებს მერაბ ლომინაძე.
ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 2024 წლის პირველი ივლისიდან მოქმედებს. ელექტროენერგიის ბირჟის პირველი წლისთვის ვაჭრობა მხოლოდ 20 მიწოდების დღისთვის შედგა. 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით, ბირჟაზე 21 მონაწილეა რეგისტრირებული. მათგან 9 ელექტროენერგიის მწარმოებელი, 7 საბოლოო მომხმარებელი, 3 სისტემის ოპერატორი, 2 კი მიმწოდებელია.
ბაზრის კონცეფციის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საბალანსო ბაზარი უნდა გაიხსნას და ზოგიერთმა ბაზრის მონაწილემ ბირჟაზე სავალდებულო წესით უნდა ივაჭროს, თუმცა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ bm.ge-სთან განაცხადა, რომ მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან ოპტიმალური მოდელის შემუშავებაზე მიმდინარეობს. მათი სურვილია, რომ ვადამ არ გადაიწიოს და 1 ივლისს გაიხსნას საბალანსო ბაზარი, თუმცა შესაძლებელია, რომ ბაზარზე სავალდებულო მონაწილეობის პრინციპი გადაიხედოს. საბოლოოდ რა მოდელით გააგრძელებს 1 ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა მუშაობას, მთავრობას გადაწყვეტილება ჯერ ამაზე მიღებული არ აქვს.