„თუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დგას, ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას ხელი არ უნდა მოაწეროთ“ – იურისტი

„თუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დგას, ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებას ხელი არ უნდა მოაწეროთ“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში იურისტმა მარიკა არევაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაუთვლელი ბიზნეს-გეგმების, ფინანსური ვალდებულების პირამიდაში მოქცევის შემთხვევაში, ასეთი ხელშეკრულების გაფორმება უარესია.
„პირველ რიგში ხელშეკრულების გაფორმებისას მსესხებლებმა უნდა გააცნობიერონ, რას აწერენ ხელს. თუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დგას, ასეთ ხელშეკრულებას ხელი არ უნდა მოაწეროთ. ნამდვილად, ყველა ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში დაუდგეს ისეთი მომენტი, როცა სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, გადაუდებლად გვესაჭიროება თანხა და ყველაფრისთვის მზად ვართ. მაგრამ სხვა შემთხვევაში გაუთვლელი ბიზნეს-გეგმების, ფინანსური ვალდებულების პირამიდაში მოქცევის შემთხვევაში, უარესია ასეთი ხელშეკრულების გაფორმება. გამოსავალი არის ის, რომ ამ კუთხით კანონმდებლობა ისევ გადაიხედოს და ეს მავნე რეგულაციები მაქსიმალურად შერბილდეს, თუ არ გაუქმდება. გამოსავალი არის პირველი და მთავარი – ქვეყანაში ეკონომიკა გაძლიერდეს და სახელმწიფო სტრუქტურებმა ისე აკეთონ თავისი საქმე და ისე შეუწყონ ხელი ბიზნესის განვითარებას, რომ ადამიანები დასაქმდნენ და დასაქმდნენ ღირსეული ანაზღაურებებით და ვალდებულებებს მოემსახურონ,”- განაცხადა მარიკა არევაძემ.