„თუ სექტორს ეკონომიკური კუთხით გავაანალიზებ, ავეჯის ინდუსტრიაში მთლად კარგი ამბები არ არის“ – “ეშლი ჰოუმსთორი”

“ეშლი ჰოუმსთორი საქართველოს” გენერალური მენეჯერის გიორგი დაბრუნდაშვილის ინფორმაციით, ავეჯის ინდუსტრიაში ბაზარზე არსებული მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, რამაც ფასებზე კლების მიმართულებით გავლენა იქონია.
როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, გასულ წლებში უძრავ ქონებაზე რეკორდულად გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდუსტრიაში ბევრი ახალი კომპანია გაჩნდა, დღეს კი ბაზრის საწყის მდგომარეობაში დაბრუნების პირობებში მათ წარმოებული თუ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემები აქვთ.
„ბოლო 2-3 წელში ადგილობრივი წარმოების ხარისხი, დიზაინი და ნდობა გაიზარდა, შესაბამისად ის დასკვნა, რომ ადგილობრივი ავეჯის პროპორცია ადგილობრივ ბაზარზე მეტი ხდება, რეალურია. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ გაყიდვებს ეს შეეხო, ჩვენი დიზაინი გვაქვს, ამერიკული ბრენდი ვართ, თუმცაღა მომხმარებელი უფრო პრეტენზიული გახდა.
ამ დროისთვის „”ეშლი ჰოუმსთორს“ სამი ფილიალი აქვს თბილისში და ერთი ბათუმში,. ბათუმში წელს მაინცდამაინც ზრდა არ არის, თუ კლება არა. წინა წლებში მოთხოვნა უფრო შემოსული მომხმარებლებისგან იყო და არა ადგილობრივისგან. ძირითადი ჩვენთვის თბილისის ბაზარია, რომელიც სტაბილურია. წლის 6 თვე შესაძლოა მცირედი ზრდითაც დავხუროთ. თუმცა, თუ სექტორს ეკონომიკური კუთხით გავაანალიზებთ ინდუსტრიაში მთლად კარგი ამბები არ არის. მოლოდინი გვქონდა ამის, ვამბობდით კიდეც, რომ 20-30%-იანი კლება ნორმალურია იმიტომ, რომ ბაზარი უბრუნდება საწყის მდგომარეობას, იმას რაც იყო 2021 წლამდე. ბოლო წლებში დიდი ზრდა ხელოვნურმა მოთხოვნამ შექმნა, რაც ისევ და ისევ ომს უკავშირდება.
რადგან დიდი მოთხოვნა შეიქმნა, ბევრი მოთამაშე გაჩნდა სექტორში, ყველგან ავეჯის კომპანიაა, ახლა როცა ინდუსტრია უბრუნდება წინანდელ მდგომარეობას გაჩნდა ჭარბი მიწოდება, შესაბამისად ეს იძულებულს გხდის, რომ ფასები დაწიო ,“ – განაცხადა დაბრუნდაშვილმა.