ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ დღეს პოლიტიკურად არასტაბილურ გარემოში მცირე და საშუალო ბიზნესი მდგრად განვითარებას საჭიროებს. გაერთიანების მიერ ორგანიზებულ საბანკო სექტორსა და მცირე და საშუალო კომპანიების შეხვედრაზე ზვიად ჭუმბურიძის თქმით, კომერციული ბანკები ბიზნესს თავის პროდუქტებს და სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში დახმარებას შესთავაზებენ.
„შეხვედრაზე განხილული იქნება საბანკო სექტორსა და კომპანიებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რადგან არსებული პოლიტიკური კრიზისი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს ზოგადად ბიზნესის მდგრადობას. აქედან გამომდინარე ბიზნესს წინასწარ სჭირდება საბანკო სექტორთან თანამშრომლობის მზაობა. თუ საჭირო იქნება, საბანკო სექტორი დაეხმარება მათ ვალების რესტრუქტურიზაციაში და სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში. ეს ძალიან საჭიროა ჩვენი მოწყობის ტიპის ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადობისა და სტაბილური განვითარებისთვის.
საბანკო სექტორი მიაწვდის ინფორმაციას საბანკო პროგრამებზე, საბანკო გრანტებზე და ვნახოთ, როგორი ინტერაქცია იქნება მცირე და საშუალო ბიზნესთან“, – აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ და დასძინა: „არ არსებობს ქვეყანა, რომელიც პოლიტიკურად არამდგრადია, პოლიტიკური კრიზისია და ის ეკონომიკურად ვითარდება. ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება ფურცელზე დაწერით მივიღოთ, მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი“.
bm.ge
