აზერბაიჯანში სომხეთის სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 15 წლით დაპატიმრებული, ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბეჰრუზ სამადოვი აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას აფორმებს, ისიც უნდა გაათავისუფლონ, რადგან მისი საქმიანობა, რის გამოც ის დაპატიმრებულია, სწორედ მშვიდობას ემსახურებოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლება მას ადანაშაულებს სომხეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში [აღმოჩენილია მისი “მიმოწერა სომხებთან”, რომელთა შეკვეთითაც წერდა და თარგმნიდა სტატიებს], რასაც იგი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მთელი თავისი საქმიანობა მიმართული იყო მშვიდობისკენ. მისი დაკავება კრიტიკის საგანი გახდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. Amnesty International-მა ბრალდებები გაყალბებულად მიიჩნია და აღნიშნა, რომ რეჟიმმა მისი აკადემიური ნაშრომებისა და აქტივიზმის გამო დააკავა. ასევე, სამადოვის საქმეზე და აზერბაიჯანში კრიტიკული აზრის ჩახშობის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოხატა ევროკავშირმა და სამადოვის საქმე წარმოაჩინა, როგორც განსხვავებული აზრის დევნის სიმბოლო.
როგორც Meydan. tv წერს, ის 12 აგვისტოს ტელეფონით დაუკავშირდა თავის ბებიას, ზიბეიდე ოსმანოვას, და სთხოვა, სასწრაფოდ მისულიყო უმბაქის ციხეში.
„მითხრა, ხვალ სასამართლოზე არ წავალო. მერე მითხრა, წადი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ და მოითხოვე ჩემი გათავისუფლებაო. ცოტა გამხდარია, ხასიათზე არ იყო. ძირითადად იმას მეუბნებოდა, რომ” სამშვიდობო ხელშეკრულებას თუ აფორმებენ, რატომ არ ათავისუფლებენ?“
გარდა ამისა, ბეჰრუზ სამადოვის თქმით, მას აწუხებს ის, რომ სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში ჩატარება.
„ყველა სასამართლო დახურულად ტარდება. რატომ ტარდება ყველა სასამართლო დახურულად? კიდევ 3-4 სასამართლო დამრჩა და ამბობენ, რომ ყველა უნდა იყოს დახურული. რატომ? ჩემს ბრალეულობას ვერ ამტკიცებენ და ვერც დაამტკიცებენ. დახურულ სასამართქლოზე რატომ უნდა წავიდე?“
მან დაამატა, რომ თუ სასამართლოები კვლავ დახურულად ჩატარდება, პროცესებზე წასვლას გააგრძელებს უარს.
„შეიძლება ძალით წაიყვანონ. ამას ვერ გეტყვი. მაგრამ თვითონ მითხრა, არ წავალ სასამართლოზეო,“ — ასე განაცხადა მისმა ბებიამ.
