თუ [რძის სკანდალის საქმეს] ქართულ სასამართლოში წავაგებთ, მოგვიწევს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის დაწყება სტრასბურგის სასამართლოში… მე ეს არ მინდა – რევაზ ვაშაკიძე (BMG)

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი რევაზ ვაშაკიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და მეორე ინსტანციის განაჩენს გააუქმებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ უზენაესი სასამართლო სააპელაციოს გადაწყვეტილებას არ გააუქმებს, „ჩირინა“ სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.შეგახსენებთ, დავა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და „ჩირინას“ შორის მიმდინარეობს. „ყვარლის ბაგა“ მოწინააღმდეგე მხარისგან 4.7 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. სარჩელის თანახმად, „ჩირინასგან“ შესყიდული ქათმის სკინტლი ანტიბიოტიკებს შეიცავდა, რამაც საქონლის დახოცვა და რძის გაფუჭება გამოიწვია. თავის მხრივ, „ჩირინა“ აცხადებდა, რომ პროდუქცია სასუქად გაიყიდა და არა პირუტყვის საკვებად.საქმის ქრონოლოგია:2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ჩირინას“ 4.7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა და ინსტანციამ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – რევაზ ვაშაკიძის კომპანიას 1.6 მილიონი ლარის გადახდა დაევალა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ „ჩირინამ“ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, თუმცა „ყვარლის ბაგას“ მიუღებელ შემოსავალზე პასუხისმგებლობა არ დააკისრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება “ჩირინამ” უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.რევაზ ვაშაკიძის თქმით, უზენაეს სასამართლოში ბოლო სხდომა 19 მარტს გაიმართა, მაგრამ მხარეებისთვის მესამე ინსტანციის გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, უცნობია.- როდის გამოაცხადებს უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებას?- საბოლოო გადაწყვეტილებას ამ თვეში ან მომდევნო თვეში ველოდებით.- უფრო კონკრეტული ვადები არ არის გაწერილი?- ვადები გაწერილია, თუმცა შესაძლოა, საქმე ხელახალ განხილვაზე დააბრუნონ ან ზოგიერთ დეტალს გადახედონ. დღემდე ჩვენთვისაც გაუგებარია, დააბრუნებს თუ არა სასამართლო საქმეს პირველ ინსტანციაში.- რა მოლოდინი გაქვთ – ძალაში დარჩება სააპელაციოს გადაწყვეტილება თუ სრულად გაგამართლებენ?- საქმე ისაა, რომ ჩვენ [„ყვარლის ბაგასთან“] ნაკელის მიწოდებაზე გვქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, რომელსაც ორი წლის განმავლობაში პირნათლად ვასრულებდით; არცერთი პირობა არ დაგვირღვევია. პირველმა და მეორე ინსტანციამ კი ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს, რაც ნორმალურ სასამართლოს არ შეეფერება. ეს სრული აბსურდი იყო. იმედია, უზენაესი სასამართლო მიხვდება ამ შეცდომას. ნებისმიერი დასკვნა, რომელსაც მოსამართლე ეყრდნობა, აკრედიტებულ ლაბორატორიაში უნდა იყოს შესრულებული, სხვა შემთხვევაში ის მტკიცებულებად არ მიიღება. „ყვარლის ბაგამ“ ნაკელის მხოლოდ ერთი პარტია შეამოწმა არააკრედიტებულ ლაბორატორიაში და ვითომ ტეტრაციკლინი აღმოაჩინა. ჩვენ ამ პრეპარატს საერთოდ არ ვხმარობდით. გაოცებულები ვიყავით ამ გადაწყვეტილებით, თან 185 პარტია გვქონდა მიწოდებული [ყვარლის ბაგასთვის] და ერთი საეჭვო ანალიზის შედეგი მთელ მოცულობაზე გაავრცელეს. ეს აბსურდია, თუმცა იმედი გვაქვს, სიმართლე აღდგება და გავიმარჯვებთ.- თუ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება, თქვენ ადრე აღნიშნეთ, რომ სტრასბურგამდე მიხვალთ. კონკრეტულად რის დამტკიცებას აპირებთ იქ – რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება თუ პროცესი იყო მიკერძოებული?- ვფიქრობ, პროცესი ნამდვილად მიკერძოებული იყო, რადგან ასეთი დასკვნები ნორმალურ მოსამართლეს მხედველობაში საერთოდ არ უნდა მიეღო. თუ წავაგებთ და თანხის გადახდა მოგვიწევს, შემდეგ ჩვენ მოგვიწევს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის დაწყება და ბიუჯეტი იძულებული გახდება, ეს თანხა დაგვიბრუნოს. მე ეს არ მინდა. ასეთი გახმაურებული საქმის წაგება ქვეყნისთვისაც ცუდია, რადგან ინვესტიციებზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ორივე კომპანია სოფლის მეურნეობის დარგში ვართ, რაც ქვეყნისთვის სტრატეგიულია და ასეთი ცუდი მაგალითები არ უნდა იქმნებოდეს…ვრცლად: bm.ge