სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუკი რუსეთის რკინიგზა სომხეთის რკინიგზაში დაპირებულ ინვესტიციებს დროულად არ ჩადებს, შესაძლოა, სომხეთის სახელმწიფომ სომხეთის რკინიგზის ის სექციები, რომელსაც ახლა რუსული სახელმწიფო კომპანია აკონტროლებს, დაიბრუნოს.
ხუთშაბათს, 25 დეკემბერს მთავრობის სხდომის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა სომხეთის საბიუჯეტო სახსრებით აღადგინოს რკინიგზის საკვანძო ინფრასტრუქტურა, თუ რუსული მხარე გონივრულ ვადაში ვერ შეასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებებს.
მისი თქმით, ეს საკითხი განიხილეს 22 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს.
რა თქვა ფაშინიანმა
ფაშინიანმა დააკონკრეტა რუსეთის დაქვემდებარებაში არსებული რამდენიმე სარკინიგზო მონაკვეთი, რომლებსაც მისი მთავრობა მიიჩნევს, რომ სარეაბილიტაციოა და პრიორიტეტულია.
საუბარია რკინიგზის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც აზერბაიჯანის საზღვრისკენაა, ასევე, აკავშირებს აზერბაიჯანს თავის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ნახიჩევანთან.
„ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ ამ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები რაც შეიძლება მალე დაიწყოს“, – თქვა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ერევანი იმედოვნებს, რომ რუსეთი სწრაფად იმოქმედებს საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად.
სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული [ზოგადად, კონცესიის ხელშეკრულება არის გრძელვადიანი ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მესამე მხარეს შორის].
„თუ აღმოჩნდება, რომ რუსეთის ფედერაციას ამ სამუშაოების შესაბამის ვადებში განხორციელება უჭირს, სომხეთის მთავრობას შეუძლია ეს მონაკვეთები კონცესიიდან დაიბრუნოს და მათი აღდგენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსოს“, – თქვა ფაშინიანმა.




