აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ნატო-ს მეშვეობით უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის – ევროპელების დაფინანსებით – გაგზავნის შესახებ სასიამოვნო ამბავი იყო, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო დონალდ ტრამპის განცხადება, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები 50 დღეში არ დასრულდებოდა, ის 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ და პუტინის საომარ მანქანას უჭერენ მხარს.
ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ მათ, ვისაც აინტერესებთ, რა მოხდება 50 დღის გასვლის შემდეგ, ურჩევს ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ჰკითხონ.
„თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ. მე რომ ვიყო ქვეყანა, რომელიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს და პუტინის საომარ მანქანას უჭერს მხარს, პრეზიდენტ ტრამპს სიტყვაზე ვენდობოდი“, – წერს ლინდსი გრემი.
Ipn.ge
