„თუ პირი პირდაპირ ან ირიბად არ არის ჩართული ტურისტულ ბიზნესში, მისთვის ტურიზმის ზრდა არამომგებიანია“, – ამის შესახებ ეკონომისტმა და სოციოლოგმა, პაატა აროშიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ტურისტულ რეგიონებში ფასები მაღალია, შესაბამისად, იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ ფიქსირებული ანაზღაურება აქვთ, ტურიზმის ზრდის პირობებში ხარჯი ეზრდებათ.
„გარკვეული უთანაბრობაა ფასების კუთხით, საქართველოს რეგიონებს შორის. მაგალითად, ტურისტულ და არატურისტულ რეგიონებს შორის. თუნდაც თბილისი და ბათუმი (ან სხვა ნებისმიერი ტურისტული რეგიონი) რომ შევადაროთ, ტურისტულ რეგიონში პროდუქციაზე ფასი 10-15%-ით უფრო მაღალია. ეს ყველაფერი ტურიზმის განვითარებას მოჰყვა.
ანუ გამოდის, რომ თუ პირი პირდაპირ ან ირიბად არ არის ჩართული ტურისტულ ბიზნესში, მისთვის ტურიზმის ზრდა არამომგებიანია. იმიტომ, რომ მას ხარჯები ეზრდება, ამ დროს მისი შემოსავლები ფიქსირებულია. რეალიზატორი კი ორიენტაციას ტურისტზე აკეთებს“,- აღნიშნა პაატა აროშიძემ.
სოციოლოგის თქმით, შეიძლება ხელფასები იზრდებოდეს, მაგრამ თუ ფასები არ დასტაბილურდა, შემოსავლის ზრდას აზრი არ ექნება.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელ ნახევარში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 4,6%-ით გაიზარდა. კერძოდ, წელს საანგარიშო პერიოდში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2 810 524 ვიზიტი შეადგინა, 2024 წლის იანვარ-ივნისში კი – 2 687 927.
