თუ ომის დამნაშავე პუტინი ფიქრობს, რომ შეუძლია, დაბომბვით აიძულოს უკრაინელები მისი ულტიმატუმები მიიღონ, ცდება – ანდრეი სიბიგა კიევზე თავდასხმაზე

აგრესორი სამშვიდობო ძალისხმევის სრულ უგულებელყოფას აჩვენებს, დიპლომატიის ნაცვლად ომზე, ტერორსა და ბარბაროსობაზე დებს ფსონს, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს.
მისი ინფორმაციით, კიევზე თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი მედიკოსი, დაიღუპა და ოცზე მეტი დაშავდა. ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმის სამიზნე საცხოვრებელი ტერიტორიები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, გათბობა და წყალმომარაგება გახდა.
„ლვოვი და დღეს დილით, დნიპრო, ზაპოროჟიე, კრივი-რიჰი და სხვა რეგიონები მანამდე. თუ ომის დამნაშავე პუტინი ფიქრობს, რომ შეუძლია დაბომბვით აიძულოს უკრაინელები მისი ულტიმატუმები მიიღონ, ცდება. ასეთი თავდასხმები ჩვენს ხალხს მხოლოდ უფრო ერთიანსა და მტკიცეს ხდის აგრესიისა და ტერორისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“, – წერს სიბიგა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისა და რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.
„განსაკუთრებით მათ, ვინც ცოტა ხნის წინ შეშფოთებით უპასუხა „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის“ შესახებ სიყალბეს“, – აცხადებს სიბიგა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პარტნიორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად.
„მკაცრი სანქციების ახალი რაუნდები რუსეთისთვის ტერორისა და ომის რესურსებს ჩამოსართმევად. უკრაინისთვის თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტები ჩვენი ხალხის უკეთ დასაცავად და დამპყრობლების უკან დასახევად. ახალი ნაბიჯები რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით“, – წერს სიბიგა.