სასამართლოში მისულმა ტელეწამყვანმა, ვიკა ბუკიამ “ტვ პირველთან” განაცხადა:
მაყურებელს მივმართავ, თუ ნახავთ ჩემს “ფეისბუქ” გვერდზე, რომ რამე ვიდეოს ვწერ, სადაც ვინანიებ და ბოდიშს ვუხდი მარიამ ლაშხს, ესეიგი გატაცებული ვარ ვაკის საცურაო აუზიდან, ასე ჩათვალეთ. რა თქმა უნდა ვხუმრობ და არანაირ მონანიებას არ ვაპირებ და საერთოდ ვერ ვხვდები ამ პროცესის მიზანი რა არის. ახლა ამ სასამართლო პროცესზე რომ მივალ მარიამ ლაშხი, რომელიც მგონია, რომ მონაა, ვიფიქრებ, რომ აღარ არის მონა? არ შევიკავებ თავს, ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება. მარიამ ლაშხსაც შეუძლია მიწოდოს ნებისმიერი რამ. მე არ ვიცი რატომ აქვს მას მაინც და მაინც დიდი სურვილი და რატომ წყინს ასე, რომ მას მონას უწოდებენ. საერთოდ რატომ აინტერესებს, მე მას მონას ვუწოდებ, ბრიტანეთის დედოფალს თუ მის საქართველოს, რატომ არის ამით დაკავებული არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები. საერთოდ, ეს პროცესი არაფერს არ შეცვლის. ადამიანს თუ აქვს აღქმა მეორეს მიმართ და მიიჩნევს, რომ არის სამშობლოს მოღალატე, მონა და ა.შ, ეს პროცესი არ შეცვლის ამ დამოკიდებულებას და ვერ ვხვდები ამ პროცესის აზრი რა არის”
დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-ე16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
